ქვეწარმავლების გაუვნებელყოფას ქუთაისში სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს

ქუთაისი

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ქვეწარმავლებისა და მღრღნელების მომრავლებას უჩივის. მათი გაუვნებელყოფის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ როგორც მრავალბინიანი კორპუსების მცხოვრებნი, ასევე კერძო სახლების მეპატრონეები. როგორც მოსახლეობა ამბობს, ის ქვეწარმავლებს საკუთარი ძალებით უმკლავდება და სხვადასხვა ხერხით ცდილობს მათგან თავი დაიცვას.

რადიო თავისუფლებას წმინდა სამების ქუჩის მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ ბოლო წლებში ქვეწარმავლები განსაკუთრებით მომრავლდა და სპეციალური ჩარევის გარეშე მათი მოსპობა მოსახლეობას არ შეუძლია. ადგილობრივების თქმით, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საფიჩხიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სადაც ქვეწარმავლების სიმრავლე ზაფხულობით ყოველთვის შესამჩნევია.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა ტიპის ქვეწარმავლებს პოულობს მოსახლეობა. ამასთან, მათ არ იციან, თუ ვის უნდა მიმართონ საჭიროების შემთხვევაში. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე გასულ წელს სამაშველო სამსახურმა ტერიტორია სპეციალური საშუალებებით დაამუშავა, მიმდინარე წელს კი მსგავსი შემთხვეა არ დაფიქსირებულა.

მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის ფრიდონ ბეშკენაძის თქმით, მრავალბინიანი კორპუსების ბუნკერებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერების დეზინფექციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახდენს. დეზინფექციის სადგური ახორციელებს ასევე მიტოვებული შენობა-ნაგებობების დერატიზაციას. ბეშკენაძის განმარტებით, ქვეწარმავლების გაუვნებელყოფისა და პრევენციული ზომების მიღებისთვის ამჟამად სატენდერო პირობები მუშავდება და უახლოეს მომავალში მერია ტენდერს ამ მიმართულებითაც გამოაცხადებს.

ფრიდონ ბეშკენაძის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული ფირმა ქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს იმ ტერიტორიის გაუვნებელყოფას, სადაც შემჩნეული იქნება ქვეწარმავლები.