შეფასებები ვილნიუსის ე.წ. „შედეგების სამიტამდე“

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, მოლდოვასთან ერთად, ვილნიუსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მესამე სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლოდინშია. ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქში 28-29 ნოემბერსაა დაგეგმილი. საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. სამიტამდე ორი დღით ადრე საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ქვეყნისათვის ასოცირების შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ აფასებენ.

„შედეგების სამიტი“ - საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სწორედ ასე უწოდებენ ვილნიუსში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს, რომელზეც რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს წარმოაჩენს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საგანგებო პრესკონფერენცია ვილნიუსის სამიტზე გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მოიწვია. მისი თქმით, ამ სამიტს საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისთვის ისტორიული დატვირთვა აქვს - საქართველო და ევროკავშირი სწორედ ამ სამიტის ფარგლებში მოახდენენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას, რაც, პოლიტიკური ასოცირების გარდა, ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციასაც გულისხმობს. ამავე დროს, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სამიტის ფარგლებში ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვის თაობაზე ჩარჩო-ხელშეკრულებასაც მოეწერება ხელი.

„საქართველომ ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით, რაც სამიტზე ასევე დადებითად შეფასდება. სამიტზე ასევე დაფიქსირდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან სხვა პრიორიტეტულ სფეროებში - განსაკუთრებით კი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროში - დაახლოების მხრივ მიღწეული პროგრესი. სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდება, რომელიც, მიღწეული პროგრესის შეფასებასთან ერთად, განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პრიორიტეტებს“.
თითოეულ ქართველს მხოლოდ შემიძლია მივულოცო ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობა. არსებობს აზრი, რომ შესაძლოა დაბრკოლებების და პროვაკაციების რიცხვი გაიზარდოს, თუმცა ჩვენ ვართ მაქსიმალურად მობილიზებულები იმისათვის, რომ პრევენცია დროულად მოვახდინოთ...
ირაკლი ღარიბაშვილი

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება 1996 წელს ხელმოწერილ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩაანაცვლებს და, ამგვარად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს შექმნის:

„ძველ შეთანხმებასთან შედარებით, ასოცირების შესახებ შეთანხმება ყოვლისმომცველი და პოლიტიკურად და შინაარსობრივად უფრო ძლიერი დოკუმენტია, რომელსაც თვისებრივად ახალ დონეზე აჰყავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა თავისთავად ევროკავშირთან შეთანხმება და მის კანონმდებლობასთან დაახლოება ძალიან მაღალ დონეს ითვალისწინებს“.

როგორც ცნობილია, პარაფირება საბოლოო შედეგი არ არის - ის ტექსტის ინიცირებისა და მისი შინაარსის დადასტურების პროცედურას გულისხმობს, რასაც შემდეგ ხელმოწერისა და რატიფიცირების პროცედურები უნდა მოჰყვეს. თუმცა მანამდე საქართველოს მოუწევს აღებული ვალდებულებების აღსრულება, რაც საქართველოს საკანონმდებლო სივრცის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი იქნება სამოქალაქო საზოგადოების როლიც.

„ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ევროპული ოჯახისაკენ საქართველოს გზა“ - ასე გამოეხმაურა 27 ნოემბერს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მოახლოებულ სამიტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ეს შეუქცევადი პროცესი გახდება. რაც შეეხება ასოცირების მნიშვნელობას, საქართველოს მრავალმხრივ გაეხსნება გზები - ბიზნესის კუთხით იქნება ეს თუ სხვა. ასე რომ, თითოეულ ქართველს მხოლოდ შემიძლია მივულოცო ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობა. არსებობს აზრი, რომ შესაძლოა დაბრკოლებების და პროვაკაციების რიცხვი გაიზარდოს, თუმცა ჩვენ ვართ მაქსიმალურად მობილიზებულები იმისათვის, რომ პრევენცია დროულად მოვახდინოთ“.

ვილნიუსის სამიტამდე ორი დღით ადრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც შეაფასა. მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აახლოებს ევროპასთან, არის არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების ეფექტის მატარებელიც:

ირაკლი ალასანია

„როდესაც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ხდება შეუქცევადი, ეს არის ის სიგნალი, რომელიც უნდა მივცეთ ჩვენს მოკეთეებსაც, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენს მოწინააღმდეგეებს. ისინი დაინახავენ, რომ მათ მიერ გადადგმული ვერანაირი ნაბიჯი ამ პროცესს ვერ შეაფერხებს და, აქედან გამომდინარე, საუბრის ტონიც შეიცვლება“.

აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოილაპარაკეს ტექსტზე, რომელიც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის დეკლარაციად უნდა იქცეს. დეკლარაციის უწინდელ პროექტებში ნათქვამი იყო, რომ აღმოსავლელ პარტნიორ ქვეყნებს შეეძლოთ გაეგრძელებინათ „ევროპისკენ სწრაფვა, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად“. მაგრამ პროექტის ბოლო ვარიანტში, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო, ეს მუხლი ნახსენები არ არის. ახალ ვარიანტში ვკითხულობთ, რომ „ვილნიუსის სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, ისევე როგორც მათ მტკიცე პოზიციას, ააშენონ ღრმა და მდგრადი დემოკრატია“. 49-ე მუხლი კი როგორც იურიდიული, ისე სიმბოლური თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, რადგან აცხადებს, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს პატივს სცემს, შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, რომლის განცხადებით, ცალკეული სიტყვის ცვლილებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ევროკავშირის მიდგომა კონცეპტუალურად არ შეცვლილა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ იგივეა, რაც ადრე იყო.

შეგახსენებთ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები 2010 წლის ივლისში დაიწყო, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე - 2011 წლის დეკემბერში. 14 პლენარული სესია შედგა შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი - თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე და ასზე მეტი ვიდეოკონფერენცია - დარგობრივი თანამშრომლობის თაობაზე. ასეთია პრეისტორია.

საქართველოს დელეგაციას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე - ვილნიუსი 2013 - პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საპარლამენტო და ბიზნეს ფორუმები და სამოქალაქო სექტორის კონფერენცია.