ქუთაისის 37 საჯარო სკოლიდან ხუთს სრული, ხოლო 21-ს ნაწილობრივი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მიმდინარე წელს. ხუთი სკოლის სრული რეკონსტრუქციისთვის თანხას გაიღებს „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდი, 21 საჯარო სკოლის შენობის ნაწილობრივი რეკონსტრუქციისთვის კი ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 501 821 ლარი გამოიყოფა.
Your browser doesn’t support HTML5
ქუთაისის 37 ბაგა-ბაღში, რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ფუნქციონირებს, სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს განახლდება. გასულ წელს ქალაქში ორი ახალი ბაღი გაიხსნა და სკოლამდელი დაწესებულების ერთ შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ამასთან, ჯგუფებში ბავშვთა სიმრავლის გამო, მოქმედი ოთხი ბაგა-ბაღის შენობაზე განხორციელდა მიშენება, სადაც სამეცადინო ოთახები და სველი წერტილები განთავსდა.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, ყოველწლიურად იზრდება ბავშვთა რაოდენობა ბაგა-ბაღებში, რის გამოც, თვითმმართველობა მეორე წელია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობების გაფართოებას ახდენს. ამჟამად, ოთხი ბაგა-ბაღის შენობაზე სრულდება მიშენება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 858 ათასი ლარი გამოიყო.
როგორც ქუთაისის მერიას დაქვემდებარებულ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების რეგისტრაცია 6 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გასტანს. გაერთიანების ხელმძღვანელის, ნანა ლორთქიფანიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ბაგა-ბაღების სააღმზრდელო პროგრამებში განსაკუთრებული სიახლეები არ იგეგმება.
მისივე ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის ბაღებში მიღებულ აღსაზრდელთა რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან ბავშვთა რეგისტრაცია 20 სექტემბრამდე გრძელდება. გასულ წელს ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში 10 000-მდე აღსაზრდელი იყო რეგისტრირებული. სასწავლო პროცესის დასაწყებად წელს შარშანდელზე ადრე შეუდგნენ სამზადისს ქუთაისის საჯარო სკოლებში. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოების შეტანა სკოლებში აგვისტოში დაიწყო და სამივე საფეხურის მოსწავლეთა უმეტესობას ახალი წიგნები დაურიგდებათ. მისივე ცნობით, მოსწავლეები მეორეული გამოყენების წიგნების მხოლოდ მცირე ნაწილს მიიღებენ. ამასთან, ბადრი ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ქუთაისის ხუთ საჯარო სკოლას სრული, ხოლო 21-ს ნაწილობრივი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება,
ასევე ახალი სასწავლო წლიდან მკაცრად შემოწმდება სკოლის ბუფეტებში შეტანილი საკვები პროდუქტის ხარისხი და კონტროლი გაეწევა იმასაც, რომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით აკრძალული საკვები და სასმელი სკოლის ბუფეტებში არ მოხვდეს. ქუთაისის 38 საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება.