არის თუ არა ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტი ოპტიმალური

ქუთაისის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ქალაქის მერის შოთა მურღულიას ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი 50 მილიონ 597 ათასი ლარით განისაზღვრა და იგი 3 მილიონით აღემატება მიმდინარე წლის ბიუჯეტს. შოთა მურღულიასავე განცხადებით, 2016 წლიდან შემცირდება თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ადმინისტრაციული ხარჯი და იგი 5 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, მთლიანი ბიუჯეტის 9 % იქნება. ამასთან, ბიუჯეტის პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსება, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება.მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის დაფინანსება მილიონ-ნახევარი ლარით მეტი, 4 მილიონ 700 ათასი ლარია განსაზღვრული. განათლების პროგრამებისთვის მილიონი ლარით მეტი - 9 მილიონ 380 ათასი ლარი - გამოიყოფა, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვისთვის - 14 მილიონი ლარი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული პროგრამებისთვის კი - 14 მილიონ 710 ათასი ლარი. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტში პროგრამები დეტალურადაა გაწერილი და თანხების ხარჯვა თვალსაჩინოა.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას შენიშვნები არ გამოუთქვამთ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რადგან მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს.

ბიუჯეტის პროექტს კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან სამსონ გუგავამ. მისივე განცხადებით, საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტები ბოლო წლების განმავლობაში უცვლელია და მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს წევრმა, კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ნატო ქათამაძემ. დეპუტატის თქმით, მერიამ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში ის წინადადებები და შენიშვნები არ გაითვალისწინა, რომლებიც მან წერილობით წარუდგინა დოკუმენტზე მუშაობის პროცესში.