ამორტიზებული და ნათხოვარი ინსტრუმენტები სამუსიკო  სასწავლებლებში

ინსტრუმენტების მდგომარეობა ნომერ პირველ სამუსიკო სკოლაში.

ქუთაისის ოთხ სამუსიკო სკოლასა და ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ინსტრუმენტების დიდი ნაწილი საუკუნეზე მეტი ხნისაა და სიძველის გამო სასწავლო პროცესისთვის აღარ გამოდგება. ამასთან, სასწავლებლებში საერთოდ არ აქვთ სხვადასხვა სახეობის ინსტრუმენტი. მიუხედავად ამისა, ქუთაისის სამუსიკო სკოლებში ყოველწლიურად ათასზე მეტი ბავშვი იღებს მუსიკალურ განათლებას და გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ამჟამადაც კონკურსებისა და კონცერტებისთვის მწყობრიდან გამოსული ფორტეპიანოებით და ნათხოვარი ვიოლინოებით ემზადებიან. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ ინსტრუმენტების უქონლობის გამო ზოგჯერ უარის თქმა უწევთ კონცერტებსა და კონკურსებში მონაწილეობაზე. სამუსიკო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე ბექა ბაბუნაშვილი გვეუბნება, რომ მეცადინეობს დაზიანებულ ფორტეპიანოზე, რომლის კლავიშები ზოგჯერ საერთოდ არ მუშაობს.

Your browser doesn’t support HTML5

ამორტიზებული და ნათხოვარი ინსტრუმენტები სამუსიკო სასწავლებლებში

ფორტეპიანოს პედაგოგის, ქეთევან ახვლედიანის, თქმით, ინსტრუმენტებს ყოველკვირა აწყობენ, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი იმდენად ძველია, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარება.

პედაგოგებისა და მოსწავლეების ინფორმაციით, ამორტიზებული ფორტეპიანო დგას სამუსიკო სკოლის თითქმის ყველა სამეცადინო კლასში. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ვიოლინოს შემსწავლელ ჯგუფებში. სასწავლებლის ერთ -ერთი წარმატებული მოსწავლის, კატარინა გოგელიას, დედა, მაკა სარდალიშვილი, ამბობს, რომ, ასაკის მიხედვით, შვილს ორჯერ შეუძინა ვიოლინო, თუმცა ამჟამად კატარინას ნათხოვარი ვიოლინო აქვს, რადგან უკვე პროფესიული ინსტრუმენტი სჭირდება, რომელიც ძვირი ღირს.

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლას, სადაც 300 -მდე მოსწავლე იღებს მუსიკალურ განათლებას, მომავალ წელს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება. სკოლის დირექტორი დალი მარგველაშვილი ამბობს, რომ სასწავლებელში არსებული ინსტრუმენტები საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის და სკოლას, თავისი არსებობის მანძილზე, ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები არ შეუძენია. მწირი ბიუჯეტის გამო, სასწავლებელმა რამდენიმე წლის წინ მხოლოდ მეორადი გამოყენების ერთი ფორტეპიანოს შეძენა შეძლო. დალი მარგველაშვილისავე განცხადებით, სასწავლებლის მუსიკალური ინსტრუმენტები შეკეთებას აღარ ექვემდებარება და საჭირო ნაწილების შოვნაც შეუძლებელია.

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის ხელმძღვანელის, მანანა კიკაბიძის, განცხადებით, სასწავლებელში, სადაც მუსიკალურ განათლებას მოსწავლეები 11 წლის განმავლობაში ეუფლებიან, რამდენიმე საკრავი საერთოდ არა აქვთ.

ბექა ბაბუნაშვილი, ნომერ პირველი სამუსიკო სკოლის 3 კლასის მოსწავლე

ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ინსტრუმენტებით აღჭურვის საჭიროება ცნობილია ქალაქის მერიას დაქვემდებარებული კულტურული, სახელოვნებო და საგანმანათლებლო გაერთიანების ადმინისტრაციისთვის, რომელსაც, თავის მხრივ, სასწავლებლები ექვემდებარებიან. გაერთიანების ხელმძღვანელის, რევაზ თედორაძის, განცხადებით, 2018 წელს ბიუჯეტში გაწერილია თანხები სახელფასო ანაზღაურებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის და სასწალებლებში მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება დაგეგმილი არ არის. რევაზ თედორაძისავე განცხადებით, ის აპირებს უახლოეს მომავალში მიმართოს დახმარების თხოვნით კულტურის სამინისტროს.

ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ყურადღება და დახმარება აუცილებელია, რადგან ქალაქის ოპერის თეატრმა, შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ ვეღარც მოიძიოს ადგილობრივი მუსიკოს -შემსრულებლები.