ქუთაისის ისტორიულ უბანში სასტუმროს აშენებას ეწინააღმდეგებიან

ქუთაისი

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესა და ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას, ღია წერილით მიმართეს. წერილს ხელს აწერს 13 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც ქალაქის ისტორიულ უბანში, მდინარე რიონის სანაპიროზე, წითელ და რუსთაველის ხიდებს შორის მდებარე ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ. ​

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისში, ისტორიულ უბანში მიწის ფართის გასხვისებას და სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

ღია წერილის ავტორთა ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიწის ფართი, მდინარე რიონის სანაპირო ზოლი, ქუთაისის მერიამ საკუთრებაში გასულ წელს დაირეგისტრირა და გაასხვისა. ღია წერილის ერთ-ერთი ავტორის, ასოციაციის „ ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ და „ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელის, მაკა ხეცურიანის, განცხადებით, სწორედ ამ ადგილზე წლების განმავლობაში „ქალთა კლუბის“ წევრები მდინარე რიონის სანაპირო ზოლის კეთილმოსაწყობად ხეებს რგავდნენ და მწვანე საფარს უვლიდნენ. მაკა ხეცურიანისავე განცხადებით, მდინარის სიახლოვეს მიწის ფართის გასხვისებას კანონი არეგულირებს, რომლის დაცვისკენ მოუწოდებენ ქალაქის თვითმმართველობას:

„ჩვენი მოსაზრებაა, რომ ქალაქის არჩეული მერი და საკრებულო დაინტერესდნენ ამ საკითხით და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ აღნიშნული ფაქტი, რადგან, საქართველოს კანონმდებლობით, მდინარის სანაპირო ზოლში კალაპოტიდან 20 მეტრის მანძილზე დაუშვებელია რაიმე ტიპის მშენებლობა. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც წლების განმავლობაში „ქალთა კლუბი“ ახორციელებდა სხვადასხვა სახის ნარგავების გაშენებას. მათ შორის იყო ნეკერჩხალი, წყალფოთოლა მუხა, წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზა და ა. შ. და ფაქტის წინაშე დავდექით, რომ ეს ადგილი გასხვისდა“.

ადგილი სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს

ღია წერილის ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციის - სამეცნიერო -ინტელექტუალური კლუბ „თაობათა დიალოგის“ - წარმომადგენელ გვანცა თოთაძის განცხადებით, ტერიტორია, რომელიც წითელ და რუსთაველის ხიდებს შორის მდებარეობს, კულტურულ-რეკრეაციული ზონაა, ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და ამჟამინდელი სახით უნდა შენარჩუნდეს:

„მდინარე რიონის სანაპირო უნდა იყოს ხელშეუხებელი, ეს ადგილი არის ისტორიული მნიშვნელობის და რეკრეაციული ზონა. არ უნდა ხდებოდეს რეკრეაციული ზონებისა და მწვანე საფარის განადგურება სხვა რაიმე მიზნით. შესაბამისად, ორგანიზაცია მხარს უჭერს, რომ ტერიტორია იყოს მეტად გამწვანებული, დაცული და მოვლილი“.

წარმოდგენილ დოკუმენტაციას განესაზღვრა ხარვეზი და დაუბრუნდა შემსრულებელს, ამჟამად კი შესწორებული ვარიანტი არ მოუწოდებიათ. შესწორებული დოკუმენტების მოწოდების შემდეგ იგი მიეწოდება სახელმწიფო სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს...
ზაზა ჩხიკვაძე

ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში განმარტავენ, რომ გასულ წელს მერიამ 1800 კვადრატული მეტრი მიწის ფართი დაირეგისტრირა და ივნისში კერძო პირებზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაასხვისა. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, ტერიტორიის მესაკუთრეებმა მერიას უკვე მიმართეს სამშენებლო ნებართვისთვის და წარუდგინეს პროექტი, რომლის მიხედვით, ტერიტორიის ნაწილზე, დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრ ფართზე, იგეგმება ოთხსართულიანი სასტუმროს მშენებლობა, დამატებით სარდაფის სართულის მოწყობით. ზაზა ჩხიკვაძისავე განცხადებით, დოკუმენტები შემსრულებელს დაუბრუნდა, მათში გამოვლენილი ხარვეზების გამო:

„წარმოდგენილ დოკუმენტაციას განესაზღვრა ხარვეზი და დაუბრუნდა შემსრულებელს, ამჟამად კი შესწორებული ვარიანტი არ მოუწოდებიათ. შესწორებული დოკუმენტების მოწოდების შემდეგ იგი მიეწოდება სახელმწიფო სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის საავტომობილო გზების დეპარტამენტს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რადგან ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე უამრავი შენობის არეალში მდებარეობს“.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ჩხიკვაძისავე განცხადებით, მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ ტერიტორიაზე მიწის ქვეშ გადის გაზსადენის ხაზობრივი ნაგებობა:

„გასათვალისწინებელია ის, რომ ტერიტორიაზე გადის გაზსადენის ხაზობრივი ნაგებობა. ამასთანავე, წარმოსადგენია არქეოლოგიური დასკვნა, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი არტეფაქტები, ამიტომ არქეოლოგიური კვლევაა საჭირო“.

თავის მხრივ, ღია წერილის ხელმომწერნი ითხოვენ, რომ მერიამ მესაკუთრეს ალტერნატიული ფართი შესთავაზოს და ქალაქის ცენტრალურ, ისტორიულ ადგილზე მშენებლობა არ დაუშვას, რის პასუხადაც ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩხიკვაძე განმარტავს, რომ ამ დროისთვის მერია მესაკუთრისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებას არ აპირებს.