პროექტ „ტელესპექტაკლის“ დახურვას პროტესტი მოჰყვა

11 იანვარს 10 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელებმა და მსახიობებმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გააპროტესტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროექტის, „ტელესპექტაკლის“, დახურვა. ქუთაისის თეატრში შეკრებილთა განცხადებით, პროექტის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში ჩაიწერა და ეთერით გადაიცა 60 სპექტაკლის ტელევერსია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონალური თეატრების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, კოტე აბაშიძის, განცხადებით, მიზანი ტელეპროექტისა, რომლის ერთ-ერთი ავტორი მესხიშვილის თეატრია, კულტურის განვითარება და რეგიონების თეატრთა ხელოვნებისა და მსახიობების პოპულარიზაციაა. კოტე აბაშიძისავე განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს პროექტის შეჩერების მიზეზების გასარკვევად წერილობით მიმართეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ:

Your browser doesn’t support HTML5

პროექტ „ტელესპექტაკლის “ დახურვას პროტესტი მოჰყვა

„ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ უნდა არსებობდეს ეს ტელეპროექტი, რადგან არ არსებობს პარამეტრი, რომლითაც პროექტი არ არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და აქტუალური. ქვეყანაში არსებობს რეგიონალური განვითარების პროგრამა, რომელიც პრიორიტეტულია. როგორ შეიძლება რეგიონების განვითარება კულტურის განვითარების გარეშე?!“

ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, კოტე აბაშიძის, ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში გადაღებულია 53 დადგმული სპექტაკლი და 7 დამოუკიდებელი ტელესპექტაკლი. პროექტ „ტელესპექტაკლის“ გაგრძელებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ცერცვაძე, რომლის განცხადებითაც, პროექტის ფარგლებში ჭიათურის თეატრის დასის მონაწილეობით სამი სპექტაკლი გადაიღეს და ეს რეგიონში მომუშავე მსახიობთა საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, რადგან ფინანსური პროლემების გამო დასი გასტროლზე ხშირად ვერ დადის:

ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ აჭარის ტელევიზიის დიდ როლს. ეს ტელევიზია თეატრზე და ხელოვნებაზე საოცარ გადაცემებს ამზადებს და წარმოუდგენელია, რომ სამაუწყებლო ბადიდან ამოიღონ „ტელესპექტაკლი“...
ვასილ ჩიგოგიძე

„დამერწმუნეთ, ბევრ თეატრში სპექტაკლი სწორედ იმიტომ იდგმება, რომ გადაიღონ პროფესიულად, მაღალ დონეზე და ჩვენი შემოქმედება გაიცნოს არა მარტო თანამედროვე მაყურებელმა, არამედ დარჩეს მომავალ თაობას, თუ რა კეთდება რეგიონის თეატრებში. პროექტის დახურვის მიზეზი როგორიც არ უნდა იყოს, ცუდი ფაქტია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს არ არის კომერციული ტელევიზია, ეს არის ტელევიზია, რომელიც უნდა იყოს ეროვნულ პროექტებზე ორიენტირებული და ვთვლი, რომ ეს იყო ყველაზე ეროვნული პროექტი კულტურის მიმართულებით“.

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასილ ჩიგოგიძის, განცხადებით, თეატრალებს იმედი აქვთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი მათ თხოვნას გაითვალისწინებს და გადაცემა „ტელესპექტაკლი“ მაუწყებლის ბადეში დარჩება:

„ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ აჭარის ტელევიზიის დიდ როლს. ეს ტელევიზია თეატრზე და ხელოვნებაზე საოცარ გადაცემებს ამზადებს და წარმოუდგენელია, რომ სამაუწყებლო ბადიდან ამოიღონ „ტელესპექტაკლი“. დარწმუნებული ვარ, გონიერება გვეყოფა ორივე მხარეს და, განსაკუთრებით, აჭარის ტელევიზიის ბორდს, რომ მოგვისმინონ და აღადგინონ გადაცემა ტელესივრცეში, რათა ჩვენ არ მოგვიწიოს უკიდურესი სხვა ზომების მიღება“.

ქუთაისის დრამატულ თეატრში შეკრებილებმა იმედი გამოთქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმება შედგება და პროექტი „ტელესპექტაკლი“ გაგრძელდება.