ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ“ მიმდინარე თვიდან დაიწყო პროექტის განხორციელება, სახელწოდებით „იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“. პროექტის ავტორთა განცხადებით, 6 თვის განმავლობაში იმერეთის მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იგეგმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის შესახებ, რომელიც გულისხმობს რეგიონალურ განვითარებას და თანამშრომლობას საზღვრისპირა და რეგიონალურ დონეზე.
Your browser doesn’t support HTML5
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ“ ქუთაისში გააცნო იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, იმერეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ხუხუას, განმარტებით, პროექტი გულისხმობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დოკუმენტის 21-ე თავის გაცნობას, რომელიც დიდი მოცულობის არ არის, თუმცა მასთან დაკავშირებულია საჯარო მმართველობის რეფორმა, რეგიონალური განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელებისთვის გაწერილი სამოქმედო გეგმა:
„სამოქმედო გეგმა უნდა გააჩნდეთ სახელმწიფოს წარმომადგენლებს რეგიონის დონეზე და ამ გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყოს საზოგადოების ყველა აქტორი, რადგან ის ირიბად თუ პირდაპირ მოახდენს გავლენას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და სამომავლო კეთილდღეობაზე“.
„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ხუხუასავე, განცხადებით, პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება კამპანია, რომლის ფარგლებშიც ქუჩებში დაიდგმება ბანერი, განთავსდება ვიდეოკამერა და ყველა მსურველს შეეძლება გამოთქვას აზრი, თუ რას ნიშნავს მისთვის რეგიონალური განვითარება. თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან კოვზირიძის, განცხადებით, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის საფუძველზე მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია:
„სწორად მიტანილი ინფორმაცია განსაზღვრავს ადამიანების ნდობას და ჩართულობას. მე დამაინტერესა რეგიონის განვითარების საჭიროების ვიდეოჩანაწერების გაკეთებამ და ვფიქრობ, რომ ეს ახალი ნაბიჯია“.
პროექტს „იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“ თემებსა და სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მათზე დადებითი ზეგავლენის საშუალებად მიიჩნევს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო კირთაძე:
„მომწონს ის, რომ ცნობიერებაზე უნდა მოახდინოს გავლენა პროექტმა, რომ მოქალაქეებს გააგებინოს მათი როლი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყვნენ აქტიურები.“
თავის მხრივ, ავტორები პროექტისა „იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“ აცხადებენ, რომ მისი ამოცანაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დასავლური ღირებულებების პოპულარიზაცია და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა.