საქართველოში ავტომანქანების პერიოდული ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდება 2018 წლიდან და შესაბამისი სისტემა ეტაპობრივად დაინერგება. ვალდებულების დამრღვევთათვის 10-დან 50 ლარამდე გაიზრდება საჯარიმო სანქციები. რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ტესტირებას დაექვემდებარება ექსპლუატაციაში არსებული და რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება, 2 წლის განმავლობაში განხორციელდება. პირველ ეტაპზე ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და სამ ტონა-ნახევარზე მეტი მასის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც პერიოდულ შემოწმებას დღესაც ექვემდებარებიან, თუმცა კანონპროექტის ავტორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პოზიციით, აღსრულების მექანიზმში ხარვეზები არსებობს. შემდეგ ეტაპზე განხორციელდება მსუბუქი ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება. სხვადასხვა მონაცემით, საქართველოში 900 ათასიდან მილიონ 200 ათასამდე ავტომობილია. ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის, ეკოლოგ მაკა ხეცურიანის განცხადების თანახმად, კვლევების მიხედვით, დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების 70 % მოდის ავტოტრანსპორტზე, ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანები კი მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებენ:
ალბათ, საჭიროა, თორემ ხომ არ შემოიღებდნენ ტექნიკურ დათვალიერებას...
„ატმოსფერული ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ, დღევანდელ პირობებში ძირითადად ბინძურდება მობილური გამონაბოლქვით, ანუ მხედველობაში მაქვს ავტოტრანსპორტის მიერ გამოტყორცნილი, ემისირებული სხვადასხვა გაზი. სხვადასხვა ძრავით მომუშავე ავტომანქანები სხვადასხვა გაზს გამოტყორცნიან. ძირითადად კი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ნებისმიერი ძრავის მუშაობისას, ეს არის ნახშირჟანგი, ე. წ. მხუთავი გაზი CO, რომელიც უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას“.
ჩემი მანქანა კი გაივლის ტექდათვალიერებას, მწყობრში უნდა იყოს და გაუკეთდება ტექნიკური შემოწმება, მაგრამ ის მაინტერესებს, კატალიზატორი რომ თითქმის არც ერთ მანქანას არა აქვს, რა ეშველება ამ პრობლემას.
ავტომფლობელთა ნაწილი ამბობს, რომ გაუმართავი ავტომანქანა, ჰაერის დაბინძურების გარდა, ხშირადაა ავტოავარიების მთავარი მიზეზიც. სავალდებულო ტექნიკური შემოწმების მიმართ ავტომფლობელებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ნაწილი მიიჩნევს, რომ ინსპექტირება საჭიროა, ნაწილი კი ამ სიახლეს შიშით მოელის:
„არ ვემხრობი. ხალხს საშუალება არა აქვს ტექნიკური დათვალიერება ჩაუტაროს ავტომანქანას, ზოგს ძალიან ძველი მანქანა აქვს. ჩემი მანქანა, მაგალითად, 1996 წელსაა გამოშვებული და როგორ უნდა ჩავუტარო დათვალიერება?“
„მისაღები და აუცილებელია, იმიტომ რომ შემხვედრ ზოლზე მოძრავმა მანქანამ არ უნდა დამაშავოს. ბევრია, ვინც თავის ავტომობილს არ აქცევს ყურადღებას, არ უვლის და სანამ ივლის, იაროსო“;
„ალბათ, საჭიროა, თორემ ხომ არ შემოიღებდნენ ტექნიკურ დათვალიერებას“;
„ვემხრობი, თუმცა საზოგადოება როგორ მიიღებს, ამასაც აქვს მნიშვნელობა“;
„ჩემი მანქანა კი გაივლის ტექდათვალიერებას, მწყობრში უნდა იყოს და გაუკეთდება ტექნიკური შემოწმება, მაგრამ ის მაინტერესებს, კატალიზატორი რომ თითქმის არც ერთ მანქანას არა აქვს, რა ეშველება ამ პრობლემას“;
„ჯერ პირობები უნდა შექმნან, გზები უნდა იყოს ნორმალური. ინფრასტრუქტურა თუ არ იქნა მოწესრიგებული, ტექდათვალიერება მარტო თანხის ამოსაღებად ხომ არ შემოდის?! მოაწესრიგონ ყველაფერი და გააკეთონ რეგულაცია. 80–90 % ძველი, 20 წელზე დიდი ხნის მანქანებია. დადის ქალაქში ისეთი ავტომობილებიც, რომელთა მოძრაობა საერთოდ არ შეიძლება“, – ამბობენ ქუთაისელი ავტომფლობელები.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ყველა ავტომობილი მისი მწარმოებლის მიერ დადგენილი პარამეტრების მიხედვით შემოწმდება. მაგალითად, 1997 და 2015 წლებში გამოშვებულ ავტომანქანებს ერთნაირი პარამეტრები არ მოეთხოვება. ამასთან, ტექნიკური დათვალიერების წარმატებით გასავლელად ყველამ უნდა დააკმაყოფილოს 7 კრიტერიუმი: მუხრუჭის, საჭის მექანიზმის, სავალი ნაწილის, ხილვადობის, ფარების, საბურავების და გამონაბოლქვის მდგომარეობა. ტექნიკური ინსპექტირება სამოც ლარამდე ეღირება, დაწესდება მომსახურების ფასის ზედა ზღვარი და ღირებულება დარეგულირდება. საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2004 წელს გაუქმდა.