ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე სუბიექტების პროპორციულ სიებში სულ 116 ქალი კანდიდატია, რაც წინა არჩევნების მონაცემებზე 30-ით მეტია. მათგან 55 ქალი პარტიული სიების პირველ ათეულშია, რაც საერთო რაოდენობის 48 % -ია. 10 ოლქად გაყოფილი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთაგან 25 ქალია, რაც 29 %-ს შეადგენს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილის შეფასებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, წელს გენდერული ბალანსი უკეთაა დაცული მაჟორიტარი კანდიდატების მხრივ, რადგან წინა არჩევნებში საკრებულოს მაჟორიტარ წევრად კენჭს 16 ქალი იყრიდა.
Your browser doesn’t support HTML5
„25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალია ქუთაისში რეგისტრირებული. ყველა მათგანს გადაეცა შესაბამისი მოწმობა. ეს ნიშნავს, რომ მათი რეგისტრაცია წარმატებით განხორციელდა და მათ უკვე სრულფასოვნად შეუძლიათ წინასაარჩევნო კამპანია აწარმოონ. ეს იმაზე მეტია, ვიდრე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს იყო. მიხარია, რომ გენდერული ბალანსი თანდათან სწორდება და ქალები აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო პროცესებში“,– აცხადებს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 17 ქალი კანდიდატი ჰყავს „შენების მოძრაობას“ და ყველაზე ცოტა, 2 ქალი კანდიდატი, „სოციალისტური საქართველო-კომუნისტებს“. 5-დან 12-მდე მერყეობს სხვა სუბიექტების მიერ წარდგენილი ქალი კანდიდატების რაოდენობა. მათ შორის 12 ქალი დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 5 - ,,ქართულმა ოცნებამ“. საარჩევნო სუბიექტების უმრავლესობის მიერ გენდერული ბალანსის დაცვას ხელი ვერც საკანონმდებლო ცვლილებამ შეუწყო, რომლის თანახმად, საბაზისო დაფინანსებაზე 30 %-ით მეტს იღებს პარტია, თუ მის საარჩევნო სიაში ერთმანეთისგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 30 %-ით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული ბალანსის დაცვას საჭიროდ მიიჩნევს რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტების ნაწილი. გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიტიკაში ქალების ყოფნა აუცილებელია და მათ თავადაც უნდა იაქტიურონ გადაწყვეტილებების მიმღები თანამდებობების დასაკავებლად:
„ტენდენცია იმისა, რომ ქალი პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული, ნამდვილად მყარდება, თუმცა არსებობს სტერეოტიპები: ქალი უნდა იყოს ოჯახში, მან ბავშვები უნდა გაზარდოს და ა.შ. მე, პირადად, ვერ დავეთანხმები, რადგან ვთვლი, რომ ქალი არის ძალიან ძლიერი და მას შეუძლია იყოს როგორც ძლიერი პოლიტიკოსი, ასევე, პარალელურად, იყოს ძლიერი მეოჯახე“;
„უნდა წარმოაჩინოს ყველა ქალმა თავისი სიძლიერე. ვფიქრობ, რომ აუცილებლად ყველა ქალი უნდა დაფიქრდეს, ვისაც კი შეუძლია და ვინც კი ფიქრობს, რომ ძლიერია, მოვიდეს და მართოს! რა თქმა უნდა, როცა გენდერულად დაბალანსებული იქნება საკრებულო, ეს იქნება მომგებიანი და არავითარ შემთხვევაში - წამგებიანი“.
„საქართველოში, ზოგადად, გენდერის თემა ხმაურიანად გაიჟღერებს ხოლმე, თუმცა შედეგი სხვაა, ყველგან ვხვდებით სიმრავლეს მამრობითი სქესის წარმომადგენლებისა. მომავალში ქალების წამოწევა საზოგადოებრივ საქმიანობაში ნამდვილად ხილული იქნება“;
„ქალები პოლიტიკაში - ეს არის მეტი პოზიტივი, ჩემი აზრით“;
„მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის დაცვა პოლიტიკაში. თუ იქნება მეტი ქალი ადგილობრივ საკრებულოში, უფრო მეტად იქნება დაცული ბავშვთა ინტერესები, ხანდაზმულთა ინტერესები, მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს, რომ მიღებული იქნება ისეთი მაღალი პასუხისმგებლობის პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას“, – აცხადებენ რესპონდენტები.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში 123 უბანია გახსნილი. ქალაქის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა პროგრამებში კი თავისი პრიორიტეტი უნდა იპოვოს 154 ათასამდე ამომრჩეველმა, რომელთა უმეტესობა ქალია.