ქუთაისში მაჟორიტარების საქმიანობას არაერთგვაროვნად აფასებენ

ქუთაისი

სამ ოლქად გაყოფილი ქუთაისის ამომრჩეველთა ნაწილი ამბობს, რომ არ იცნობს მაჟორიტარს, რომელიც ოლქს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში. ნაწილის თქმით, იცის მაჟორიტარი ვინაა, თუმცა მისი ბიუროსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს, რადგან თვლის, რომ მას პრობლემების მოგვარება არ შეუძლია. არიან ისეთებიც, ვინც დეპუტატის ბიუროსთან აქტიურად თანამშრომლობენ და მაჟორიტარის დახმარების იმედი აქვთ.

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისში მაჟორიტარების საქმიანობას არაერთგვაროვნად აფასებენ

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი ნიჰილისტურადაა განწყობილი. ისინი ფიქრობენ, რომ თავად მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ და მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისს 2016 წლიდან ერთის ნაცვლად სამი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს საქართველოს პარლამენტში, ქალაქისთვის მათი საქმიანობის შედეგს ვერ ხედავენ. ქუთაისელთა ნაწილმა არც ის იცის, თუ სად არის განთავსებული მისი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა შორის არიან ისეთებიც, ვინც მაჟორიტარი იცის ვინაა, თუმცა თვლის, რომ დეპუტატები რეალურად ვერაფერს წყვეტენ და მათთვის მიმართვას აზრი არ აქვს.

ქუთაისში გამოკითხულთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ, რომ მისი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის დახმარების იმედი აქვთ.

სამ ოლქად გაყოფილი ქუთაისის სამი მაჟორიტარის – კობა ნარჩემაშვილის, დიმიტრი მხეიძისა და გენადი მარგველაშვილის ბიუროები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თვითმმართველობის შენობაშია განთავსებული. როგორც ბიუროებში განმარტავენ, ყოველდღიურად იღებენ 10-მდე მოქალაქის განცხადებას და უზრუნველყოფენ ამომრჩევლის მაჟორიტარ დეპუტატთან პირად შეხვედრებს, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, უწევენ მათ რეკომენდაციას და ამისამართებენ შესაბამის სახელმწიფო თუ ადგილობრივ უწყებასთან. 22 აგვისტოს, დღის 12 საათისთვის რადიო თავისუფლებას მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების არც ერთი ხელმძღვანელი ადგილზე არ დახვდა და მისაღებში არ იყვნენ მოქალაქეებიც, რომ უფრო კონკრეტულად გამოგვეკითხა მათი საჭიროებებისა და ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ.