ქუთაისში დასრულდა სამდღიანი ფემინისტური ფესტივალი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით პირველად ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალთა ფონდი საქართველოში“ - მეშვეობით. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალის საშუალებით აღინიშნა მეტად მნიშვნელოვანი თარიღი - 100 წლისთავი საქართველოში პირველი ფემინისტური გაზეთის - „ხმა ქართველი ქალისა“. გაზეთი ერთი საუკუნის წინ ქუთაისში გამოიცემოდა ფემინისტის, პუბლიცისტისა და აქტივისტის, კატო მიქელაძის თაოსნობით..
Your browser doesn’t support HTML5
არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ფანცულაიას, განცხადებით, საქართველოში ფემინიზმს თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ისტორია აქვს და სამი დღის განმავლობაში ქუთაისში განხორციელებული ღონისძიებებით მათ სურდათ კიდევ ერთხელ წამოეწიათ ის თემები, რომლებიც ერთი საუკუნის წინაც აქტუალური იყო და ამჟამადაც მნიშვნელოვანია. ნანა ფანცულაიასავე განცხადებით, ეს თემებია: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, ოჯახი და ქორწინება, გენდერული ჩაგვრა, უსამართლობა და სხვა.
სამდღიანი ფემინისტური ფესტივალის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმსჯელეს ქალთა შორის კომუნიკაციის გზებზე, საქართველოში ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობასა და ქალთა პოლიტიკურ ხედვებზე, საჯარო სივრცეების სიმცირეზე, მძიმე მრეწველობაში დასაქმებული ქალების საჭიროებებსა და საოჯახო საქმეებით დაკავებული ქალების შრომაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა მზერის“ წარმომადგენელი გვანცა ხვედელიძე მიიჩნევს, რომ ქალთა შრომა შინ დღემდე ყველაზე დაუფასებელი შრომაა.
ფემინისტური ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისში გაიმართა პრეზენტაცია ახლად გამოცემული ფემინისტური გაზეთისა „ქალთა მზერა“, რომლის პირველი ნომერი საქართველოში ქალთა შრომასა და ჯანმრთელობას ეძღვნება. გაზეთის რედაქტორის, ანა კამლაძის, განცხადებით, გაზეთი უფასოდ დაურიგდებათ მცირე დასახლებებში მოქმედ ქალთა გაერთიანებებსა და ორგანიზაციებს და ხელს შეუწყობს ქალებს შორის დიალოგის დაწყებასა და ქალთა პრობლემების მოგვარებაში სახელმწიფოს როლის გამოკვეთას.
ფესტივალის ფარგლებში გამოფენა-პერფომანსში „ქალთა ბედნიერება“ სხვა სამ არტისტთან ერთად მონაწილეობა მიიღო მხატვარმა ლუიზა ლაფერაძემ, რომელმაც ამჟამად არსებულ გენდერულ უთანასწორობასა და დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე გაამახვილა ყურადღება.
ფემინისტური ფესტივალის ფარგლებში გამართულ დისკუსიებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფესტივალის მონაწილე, ფემინისტი ეთუნა ნოღაიდელი.
პრეზენტაციებით, დისკუსიებით, ფილმის ჩვენებით, ფემინისტური ტურით, ფემინისტური ლიტერატურის წარდგენით, გამოფენით და პერფომანსით დატვირთული სამდღიანი ფემინისტური ფესტივალი დასრულდა რეალურ ისტორიებზე შექმნილი დოკუმენტური სპექტაკლით „ შვიდი“. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე შვიდმა ქალმა გამბედავი ქალების დოკუმენტური ისტორიები გააცოცხლა.
პირველი ფემინისტური ფესტივალი საქართველოში, ქუთაისში, ჩატარდა 5, 6 და 7 აპრილს „ქალთა ფონდი საქართველოში“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის, გლობალური ქალთა ფონდის, ჰოლანდიური ქალთა ფონდის "მამა ქეშისა“ და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით.