გენდერული კვოტა ქალთა უფლებებისთვის

ქუთაისი

გლობალური გენდერული ინდექსით, საქართველო, პარლამენტში ქალთა მონაწილეობის მხრივ, 189 ქვეყნიდან 110-ე ადგილს იკავებს. ამავე დროს, ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა ქალთა წარმომადგენლობის რიცხვი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ის მხოლოდ 12 %-მდეა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამომრჩეველთა უმრავლესობა - 53 % - ქალია, მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბოლო წლებში არ იზრდება.

გენდერული საკითხების ლობირებისთვის შექმნილმა ჯგუფმა პარლამენტს უკვე წარუდგინა კანონპროექტი და ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმად, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია კვოტირების სისტემის დანერგვა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ნულოვანი ტოლერანტობა.

კვოტირების სისტემის ამოქმედებას მხარდამჭერები ქუთაისში რადიო თავისუფლების რესპონდენტთა შორისაც ჰყავს. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ინსტიტუციური მექანიზმები დაიხვეწოს და ხელი შეეწყოს ქალთა პოლიტიკურ მოძრაობას.

რესპონდენტთა ნაწილის აზრით, გენდერული კვოტის შემოღება აუცილებელია იმ სტერეოტიპების დასამსხვრევად, რომელთა მიხედვით პროფესიებიც კი სქესის მიხედვით ნაწილდება. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა მეორე ნაწილი კი კვოტირებას ხელოვნურ ჩარევად მიიჩნევს და ამბობს, რომ აქტიური და მოტივირებული ქალებისთვის ხელის შემშლელი პირობები არ არსებობს.

გენდერული კვოტის შემოღების მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ქალისა და კაცის თანასწორი უფლებების მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრა საკმარისი არ არის და საჭიროა პარლამენტში ქალთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მეტი რაოდენობით დეპუტატმა ქალმა იმუშაოს.