ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 47713700 ლარია, რაც 4 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის დაგეგმილ ბიუჯეტს. ქუთაისის საკრებულოს წევრთა ნაწილის განცხადებით, მათ არა აქვთ საშუალება მერიის მიერ წარდგენილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ შენიშვნები დააფიქსირონ. საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის დავით გოგისვანიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებისთვის 16 ნოემბერს გახდა ხელმისაწვდომი, 17 ნოემბერს კი მერიამ იგი უკან გაითხოვა.
ბიუჯეტის პროექტის შესახებ საკუთარი შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირებას აპირებს საკრებულოს წევრი, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე. ნატო ქათამაძის განცხადებით, მას შენიშვნები აქვს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების გამო. რადგან ქალაქის გზების ორმოული შეკეთებისთვის, ღვარსადენების მოსაწყობად, მრავალბინიან კორპუსებთან მისასვლელი გზების, ეზოების კეთილმოწყობისა და სადარბაზაოების და ლიფტების სარეკონსტრუქციოდ, პროექტის მიხედვით, თანხები ან შემცირებულია, ან საერთოდ არაა გათვლილი. ნატო ქათამაძე აპირებს ასევე მოითხოვოს სოციალური და ჯანდაცვის პროექტებს დაემატოს თანხა და აღდგეს მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა, რომელიც გასულ წლებში მოქმედებდა
საკრებულოს წევრთა ნაწილის საპასუხოდ, ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ, საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წარედგინა დადგენილ ვადამდე, 15 ნოემბრამდე, ორი დღით ადრე და პროაქტიულად გამოქვეყნდა. რაც შეეხება მერიის მიერ პროექტის გამოთხოვას, ეს შემოსავლების ნაწილში თანხის დამატებამ განაპირობა და მერია შენიშვნების მისაღებად მზად არის.
მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ავალიანის განცხადებით, ბიუჯეტში კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება ქალაქის ინფრასტურქტურის მოწესრიგება, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელება, წელს კი პირველად ცალკე გამოიყო ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულება. ირაკლი ავალიანისავე განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის პროგრამული ნაწილი დაიხვეწა და მომავალი წლის განმავლობაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სავარაუდოდ, ფონდებიდან მოძიებული თანხით დაფინანსდება, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი ამის საშუალებას ჯერჯერობით არ იძლევა.
ქუთაისის მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტი 43 მილიონ ლარამდე იყო და წლის განმავლობაში იგი 71 მილიონ ლარამდე გაიზარდა.