უმუშევრობის მაჩვენებელი და დასაქმების მოთხოვნა ქუთაისში

ქუთაისი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის დონემ ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს ჯერ კიდევ გასულ წელს მიაღწია და 12,4 % შეადგინა, რაც, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, 2,2 %-ით ნაკლებია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი, ქუთაისში გამოკითხულ რესპონდენტთა 92 % არ ეთანხმება აზრს, რომ მისი ქალაქი დასაქმების სათანადო შესაძლებლობას იძლევა. კვლევის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა ქუთაისში გამოკითხულთა 4 %-ისთვის, ისეთივე დარჩა 45 %-ისთვის და რესპონდენტთა ნახევარი ფიქრობს, რომ საცხოვრებელი პირობები მისი ოჯახისთვის გაუარესდა.

უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ზაფხულში ქუთაისში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც 70-მა კერძო კომპანიამ და 6-მა პროფესიულმა სასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა და რეგისტრაცია 1300-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. როგორც დამსაქმებლები აცხადებდნენ, ჰქონდათ რეალური ვაკანსიები და ეძებდნენ გამოცდილ კადრებს. დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, ფორუმის შემდეგ 100-მდე ადამიანი დასაქმდა ქუთაისსა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში და ეს კარგი შედეგია, თუმცა თავად მოქალქეები სხვა აზრის არიან. რადიო თავისუფლების რესპონდენტები ამბობენ, რომ საკუთარი პროფესიით სურთ დასაქმება, რისი საშუალებაც ქალაქში არ არის.

დასაქმების პრობლემა აქტუალურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც. მათ პროფესიულ გადამზადება-დასაქმებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად პროექტი, რომელიც გასულ წელს ქუთაისში განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ განხორციელებული საპილოტე პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების განვრცობაა.

პროექტის განხორციელებას დადებითად აფასებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირები, რომლებმაც საპილოტე პროგრამის ფარგლებში უკვე გაიარეს პროფესიული გადამზადება და სტაჟირება და დასაქმებულნი იყვნენ კერძო კომპანიებში.

როგორც განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლიკა კილაძე ამბობს, საქართველოს მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 260 პირს შეეძლება პროექტის ფარგლებში პროფესიული გადამზადების სერვისის მიღება, შეიქმნება დასაქმების 3 ცენტრი და გაძლიერდება ქუთაისში მოქმედი ცენტრი, გადამზადდებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკები და შეიქმნება პოტენციურ დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ბაზა.