ქუთაისში მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი არ ეთანხმება NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას

ქუთაისი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტების 4 %-ისთვის, ისეთივე დარჩა 45 %-ისთვის, გამოკითხულთა ნახევარი კი ამბობს, რომ საცხოვრებელი პირობები მისი ოჯახისთვის გაუარესდა. კვლევის ჩატარების მიზნად დასახელებულია მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ კვლევა მრავლად მოიცავს კითხვებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არჩეული თანამდებობის პირთა საქმიანობის შესახებ. ქუთაისში გამოკითხულთა 72 % მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირებს ქალაქი სწორი მიმართულებით არ მიჰყავთ; ამასთან, გამოკითხულთა 71 %-მა არ იცის, ვინ არის საკრებულოში მისი უბნის მაჟორიტარი დეპუტატი.

ქუთაისის საკრებულოს 25 წევრიდან 10 მაჟორიტარი დეპუტატია. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხულ მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი არ ეთანხმება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, თუმცა მიიჩნევს, რომ შედეგების გათვალისწინება საჭიროა.

საკრებულოში საფიჩხიის მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენლის ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, ყველა მაჟორიტარ დეპუტატს აქვს გამოყოფილი მოსახლეობასთან შესახვედრად კვირაში ერთი დღე.

ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, კვლევის დროს დასმული კითხვა ზოგადი და ბუნდოვანია მაჟორიტარი დეპუტატების ცნობის შესახებ და ზუსტად ვერ გამოხატავს მოსახლეობის დამოკიდებულებას. ნიკოლოზ ლატარიას მსგავსად, კითხვის დაზუსტებას არჩევს ნიკეას მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი ირმა პეტრიაშვილი.

მაჟორიტარი დეპუტატების ცნობადობის გაზრდისთვის ბიუროების შექმნას მიიჩნევს საჭიროდ გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში ნატო ქათამაძე.

ქუთაისში ხმის მიცემის უფლების მქონე 156 ათასი ამომრჩეველია, კვლევის ავტორთა ინფორმაციით კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 4 448 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა.