დემოკრატიული ჩართულობისთვის საჭიროა სურვილი და თავისუფალი სივრცე

ქუთაისი

მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის შეხვედრებისა და დიალოგისთვის ქუთაისში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, რომლის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერაა დაფინანსებული.

ინდივიდუალური ან კოლექტიური შეხვედრებისთვის, რომელთა მიზანიცაა საზოგადოებისთვის აქტუალური თემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების შესაძლო გზების განხილვა, ცენტრში შეხვედრების დარბაზი და საკონფერენციო ოთახი ფუნქციონირებს. მსურველებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით.

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ყოველდღიურად რამდენიმე ღია თუ საჯარო შეხვედრა იმართება, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ როგორც მიწვეულ სტუმრებს, ასევე თემით დაინტერესებულ მოქალაქეებს. ცენტრი იმერეთის რეგიონის თორმეტ მუნიციპალიტეტს ემსახურება, რომლებშიც 700 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სხვადასხვა შეხვედრაზე დასასწრებად ხშირად ჩამოდის ხონის მუნიციპალიტეტში გამომავალი გაზეთ „თაობის“ რედაქტორი გურანდა ცაგურია. როგორც გურანდა ცაგურია ამბობს, ხონში შეხვედრებისა და საჯარო დისკუსიებისთვის თავისუფალი სივრცე არ გააჩნიათ, მისი საჭიროება კი ადგილობრივებთან ყოველი შეხვედრისას იგრძნობა.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მარიკა ვაჭარაძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეების დემოკრატიული ჩართულობისთვის მხოლოდ საჯარო სივრცის არსებობა და ტრენინგ-სემინარებსა და საჯარო დისკუსიებში მონაწილეობა არ კმარა.

დემოკრატიულ პროცესებში აქტიურად ჩართვისთვის სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესების ზრდაზე ლაპარაკობს ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი ანა შალიკიანი. ანა შალიკიანის თქმით, მიმდინარე წელს არაფორმალური განათლებისათვის დემოკრატიის სკოლის 7-თვიანი კურსის გასავლელად საკონკურსოდ განაცხადი 200-ზე მეტმა აპლიკანტმა გააკეთა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სკოლის ხუთწლიანი არსებობის განმავლობაში.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა აზრით, დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეების აქტიურად ჩართვისათვის საჭიროა არა მხოლოდ თავისუფალი სივრცე და არაფორმალური განათლების ცენტრები, არამედ საამისო სურვილიც.