ქუთაისში გზების მოწესრიგება კვლავ უპირველესი მოთხოვნაა

ქუთაისი

ქალაქში შემოსასვლელი და შიდასაქალაქო გზების რეკონსტრუქციისა და მათი ორმოული შეკეთებისთვის 2015 წელს ქუთაისში 15 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას ინფორმაციით, ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესასრულებლად ტენდერები დროულად ჩატარდა და აპრილის თვიდან მუშაობა დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციათა და ქუთაისის საკრებულოს წევრთა ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობას ურჩევს განხორციელებული პროექტების ხარისხი შეამოწმოს და თანხა ქალაქის მასშტაბით თანაბარი რაოდენობით გამოყოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორის თეო ზაქარაშვილის განცხადებით, შესრულებული სამუშაოების პარალელურად აუცილებელია მათი ხარისხის კონტროლი.

მერიის მიმართ შენიშვნები აქვს ქუთაისის საკრებულოს წევრს, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ნატო ქათამაძეს, რომელიც უკმაყოფილოა მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე პროექტების რაოდენობით. ნატო ქათამაძის თქმით, ქალაქის მასშტაბით, 2014 წლის მსგავსად, წელსაც ყველაზე მცირე თანხის ღირებულების სამუშაოები გამარჯვების ოლქშია დაგეგმილი.

ქუთაისის მერი შოთა მურღულია კრიტიკას არ იზიარებს და განმარტავს, რომ გამარჯვების მაჟორიტარულ ოლქში სხვადასხვა სახის სამუშაოების პროგრამა განხორციელდა კორპუსის ფარგლებში და ეს საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის პროექტია.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებითვე, შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხის გასაკონტროლებლად ახალი მექანიზმი ამუშავდა, რაც ტენდერში გამარჯვებული ფირმისთვის თანხის ნაწილის - 5 %-ის - დაკავებას გულისხმობს. შოთა მურღულიას განმარტებით, შემსრულებელი კომპანია ღირებულების ორ-ნახევარ %-ს პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებს, დარჩენილ ორ-ნახევარ %-ს კი - ორი წლის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ.

ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელის ლიკა კილაძის განმარტებით, პროექტის „ეს მუშაობს“ ფარგლებში ქალაქში მცხოვრებთა საჭიროებების გამოსავლენად მეორე წელიწადია მოსახლეობის ფორუმები მიმდინარეობს. 2015 წელს ჩატარებულ სამ ფორუმზე, რომლებშიც საშუალოდ 120 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, გამოირკვა, რომ ქალაქის შიდა და საუბნო გზების მოწესრიგება კვლავ ყველაზე აქტუალური მოთხოვნაა.