მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნა და მივიწყებული კინო

ქუთაისი

ქუთაისში კლუბებს სხვადასხვა ასაკის გენდერულად დაბალანსებული მომხმარებელი ჰყავს, კინოს დიდ ეკრანზე ყურების 20 წლის მივიწყებული ტრადიცია კი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში ჯერჯერობით ვერ აღდგა. ქალაქში, სადაც რამდენიმე კინოთეატრი ფუნქციონირებდა, ამჟამად მხოლოდ ერთობლივი სანახაობის შექმნის მცდელობებით შემოიფარგლებიან. ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში განთავსებული კონოდარბაზი, რომელიც რამდენიმე ათეულ მაყურებელს იტევს, მხოლოდ კორპორაციული ჩვენებების დროს ივსება. როგორც ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე ამბობს, ბილეთის დაბალი ფასის მიუხედავად, კინოპრემიერების დროსაც კი დარბაზში მხოლოდ ათამდე მაყურებელი იკრიბებოდა, რის გამოც იძულებულნი გახდნენ ჩვენებები შეეჩერებინათ. კინოდარბაზი ამჟამად, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, მხოლოდ კორპორაციული დაკვეთების დროს იღება. დიდი მოლოდინის მიუხედავად, ქუთაისში კინო სრულფასოვნად ვერ ამოქმედდა.

როგორც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე ამბობს, დაინტერესება არც დიდ ეკრანზე მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენების ინიციატივას მოჰყვა და მულტპრემიერებიც შეჩერდა. თავის მხრივ, სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი „უნიკინო“ კლასიკური ფილმების ერთობლივად ყურების დანერგვას ცდილობს და ამისთვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ჩაის სახლის ინტერიერს იყენებს. თვეში ორჯერ კინოჩვენების შემდეგ დისკუსიებიც ეწყობა. როგორც ჩაის სახლის ივენთმენეჯერი მაკა კაჭკაჭიშვილი ამბობს, ფილმებს თავად მაყურებელი ირჩევს.

ქუთაისში კინოჩვენებებზე დამსწრეთა მსურველებს კლუბური გართობის მოყვარულები აღემატებიან. როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ერთ-ერთი კლუბის პიარმენეჯერი გვანცა თოთაძე ამბობს, ცოცხალი მუსიკა და გართობა სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ერთნაირად იზიდავს და მიუხედავად იმისა, რომ კლუბი 6 თვის გახსნილია, მომხმარებლები ინტენსიურად სარგებლობენ მისი მომსახურებით.

რადიო თავისუფლების რესპონდენტების აზრით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კლუბებისა და ცენტრების მიერ მიწოდებული მომსახურება ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.