ლიკვიდირებული სამაშველო სამსახურები და მუნიციპალიტეტიდან დაფინანსებული სააგენტო

ქუთაისი

ქუთაისის სახანძრო-სამაშველო და იმერეთის მხარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ლიკვიდაცია 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა და სანაცვლოდ მიმდინარე წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შეიქმნა.

ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სააგენტოს რეგიონალური სამსახურები ლიკვიდირებული სამსახურების ადგილზე განაგრძობენ ფუნქციონირებას და თვითმმართველი მუნიციპალიტეტებიდან ფინანსდებიან. როგორც ქუთაისის ვიცე -მერი კონსტანტინე ქავთარაძე განმარტავს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უკვე გადაეცა ქალაქის ბალანსზე არსებული სახანძრო-სამაშველო სამსახურის კუთვნილი სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. კონსტანტინე ქავთარაძის ინფორმაციითვე, მიმდინარე წელს ქუთაისის ბიუჯეტიდან ასიგნების სახით გამოიყოფა თანხა სააგენტოსთვის და ახლად შექმნილი სამსახური მუნიციპალიტეტიდან თანადაფინანსების საფუძველზე იფუნქციონირებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის თანხა არ გამოიყოფა იმერეთის მხარის გუბერნიიდან, რადგან თავად სამხარეო ადმინისტრაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და, როგორც იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი განმარტავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა პირდაპირ გამოიყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეგიონალურ სამსახურში არაფერს ამბობენ იმის თაობაზე, გააგძელებენ თუ არა ლიკვიდირებული სამსახურების მაშველები ახალ სამსახურში მუშაობას და როგორ მიმდინარეობს პროცესი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ეკა ათოშვილის თქმით კი, კითხვებზე პასუხს ის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში წერილობითვე გაგვცემს.