ქუთაისის მერიასა და საკრებულოში რეორგანიზაცია დაიწყო

ქუთაისი

ქუთაისის საკრებულოში კომისიებისა და ფრაქციების ფორმირება დასრულდა. 5 პოლიტიკური პარტიით დაკომლექტებულ 25 წევრისგან შემდგარ თვითმმართველობის ორგანოში 5 კომისია შეიქმნა: საფინანსო-საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა, ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა. საკრებულოში ასევე ჩამოყალიბდა 5 ფრაქცია. ესენია: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება -კონსერვატორები“, „ქართული ოცნება -მრეწველები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „ქუთაისისთვის“, სადაც „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დამტკიცებული დებულების შესაბამისად, რეორგანიზაცია უკვე მიმდინარეობს ქუთაისის საკრებულოს აპარატსა და მერიის სამსახურებში. საკრებულოს აპარატის 2 სამსახური დაიყო და 4 შეიქმნა, მერიაში კი 18-ის ნაცვლად 10 სამსახური ჩამოყალიბდა. მერიასა და საკრებულოში სამსახურების ხელმძღვანელებად მოვალეობის შემსრულებლები არიან დანიშნულნი. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, შემცირდა მერის მოადგილეთა რაოდენობა და 4-ის ნაცვლად ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დანიშნა მხოლოდ ორი მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილი და კონსტანტინე ქავთარაძე, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებამდე მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები იყვნენ.

შოთა მურღულიას განმარტებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში სტრუქტურული რეორგანიზაცია 3 ნოემბერს დასრულდება და, კოდექსის შესამაბისად, ქუთაისის მერიას 350-შტატიანი თანამშრომელი ეყოლება, კიდევ 35–ს კი ხელშეკრულება გაუფორმდება. მერიის დაქვემდებარებაში აღარ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი,140 თანამშრომლით დაკომპლექტებული სახანძრო-სამაშველო სამსახური. მურღულია ამბობს, რომ რეორგანიზაცია მერიის თანამშრომელთა შემცირებას გამოიწვევს, თუმცა არა საგანგაშოს.

ქუთაისის მერის თქმით, მისი სურვილია რეორგანიზაციისას ვაკანტურად დარჩენილ თანამდებობებზე კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდეს და საბუთებით შერჩევის შემდეგ საჯარო მოხელეობის მსურველებმა ჯერ კვალიფიციური ტესტირება, შემდეგ კი გასაუბრება გაიარონ. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, რომელიც ახალი შემადგენლობით რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა, ქალაქის მერი შოთა მურღულიაც დაემატა. კომისიის ხელმძღვანელის, საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, კომისია კანონით დადგენილი წესებით იხელმძღვანელებს.

ამჟამად ქუთაისის მერიაში 503 შტატიანი თანამშრომელია, კიდევ 137 კი ხელშეკრულებით მუშაობს.