ვიზიტორთა ზრდის პარალელურად თითქმის შეჩერებული შიდატურიზმი

ქუთაისი

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ცენტრის მომსახურებით 1300-ზე მეტმა უცხოელმა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც გასული წლის შესაბამის მონაცემს ორჯერ აღემატება. 2013 წელს საქართველოში შემოსულ ტურისტთა 7% სტუმრობდა საპარლამენტო ქალაქს. როგორც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში განმარტავენ, სტატისტიკური მონაცემები ვიზიტორთა რიცხვს ზუსტად ვერ ასახავს, რისი ერთ- ერთი მიზეზიც ცენტრის ადგილმდებარეობაა: საინფორმაციო ცენტრი მეორე წელია ქალაქის თვითმმართველობის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული, რადგან შუშის კონსტრუქცია, რომელიც რამდენიმე წლის წინ სპეციალურად ცენტრისთვის მოეწყო რუსთაველის ხიდის მიმდებარედ, ამორტიზებულია. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი გიორგი გულუა იმ პრობლემებზე ლაპარაკობს, რომელთაც ქალაქში ჩამოსული ვიზიტორები ყველაზე ხშირად უჩივიან.

გიორგი გულუას ინფორმაციით, გასული წლების მსგავსად, ქალაქს ყველაზე დიდი რაოდენობით უკრაინიდან და პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტები სტუმრობენ, რაც აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის სიახლოვითაა განპირობებული, თუმცა ბოლო დროს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და სამი რეისის შეწყვეტამ მგზავრთა ნაკადი შეამცირა.

როგორც საინფორმაციო ცენტრში, ისე ტურისტულ კომპანიებში განმარტავენ, რომ ვიზიტორები საპარლამენტო ქალაქსა და მის შემოგარენში კულტურული ძეგლებისა და ისტორიული ობიექტების დათვალიერებას ერთ დღეს ანდომებენ და, შესამაბისად, მხოლოდ ერთი ღამის გასათევად რჩებიან ქალქში. როგორც ტუროპერატორ „ვანდერლენდის“ შემომყვანი ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი აცხადებს, ვიზიტორები ღამის გასათევად ოჯახური ტიპის სასტუმროებს ირჩევენ და იმერული სტუმართმოყვარეობით კმაყოფილნი მიდიან. ლაშა ბერეკაშვილი ასევე ამბობს, რომ მიმდინარე წელს შარშანდელზე მეტად მოიკლო შიდატურიზმით დაინტერესებული ადამიანების რიცხვმა.

ლაშა ბერეკაშვილი ტურიზმის განვითარებას ქალაქის ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობად მიიჩნევს და ხელისუფლების მიერ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.