ქუთაისის ახლმა საკრებულომ მერიის დებულება დაამტკიცა

ქუთაისის ახლად არჩეულ საკრებულოს დავით დვალი უხელმძღვანელებს: საკრებულოს პირველ სხდომაზე ერთადერთ კანდიდატს, დავით დვალს, 25-დან 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი ფარული კენჭისყრით. ქუთაისის საკრებულოში მმართველი კოალიციის წარმომადგენელი 18 დეპუტატია. მათ შორის 10 მაჟორიტარია, 4 წევრი „ნაციონალური მოძრობიდანაა“, ხოლო „ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ ქუთაისის საკრებულოში თითო-თითო წევრი წარმოადგენს. საკრებულოში ჩამოყალიბდა ოთხი ფრაქცია. ორი მათგანი - „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება-მრეწველები“ - უმრავლესობის წევრებითაა დაკომპლექტებული. „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი წევრი იმავე სახელწოდების ფრაქციაშია გაერთიანებული, ფრაქცია „ქუთაისისთვის“ კი „ერთიანი ოპოზიციის“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ლეიბორისტების“ წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს.

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატებმა, თუმცა, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელი დავით გოგისვანიძე აცხადებს, ოპოზიცია მზადაა მმართველი კოალიციის წევრებთან ითანამშრომლოს.

თავის მხრივ, უმცირესობასთან თანამშრომლობას გეგმავს საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე დავით დვალი და ქალაქისთვის იმ პრიორიტეტული სფეროების განვითარებაზე ლაპარაკობს, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საკრებულოსთვის მნიშვნელოვანი იქნება.

საკრებულოს პირველსავე სხდომაზე დამტკიცდა ქუთაისის მერიის დებულება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესამაბისობაში მოვიდა და რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თანამდებობის პირთა რაოდენობა. როგორც ქუთაისის ახლად არჩეული მერი შოთა მურღულია განმარტავს, 23-დან 13-მდე მცირდება თანამდებობის პირთა რაოდენობა. რეორგანიცაზიის შედეგად, 18-ის ნაცვლად მერიის 10 სამსახური ჩამოყალიბდება და ოთხის ნაცვლად მერის ორი მოადგილის თანამდებობა დარჩება. შოთა მურღულიას განცხადებით, მერიაში რეორგანიზაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება და კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება.

რეორგანიზაციის შედეგად, ქუთაისის მერიაში 350 საჯარო მოხელე დასაქმდება, ხელშეკრულება კი 35 ადამიანს გაუფორმდება. რეორგანიზაცია განხორციელდება საკრებულოს აპარატშიც. ამჟამად მერიაში საშტატო ერთეულით 503, ხელშეკრულებით კი 137 ადამიანია დასაქმებული.