წინასაარჩევნო გარემო იმერეთში

ქუთაისი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სოფელ ფარცხნალში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნინო ფხალაძე თავისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ფაქტს მის მიერ მოსახლეობაში ჩატარებულ საარჩევნო აგიტაციას უკავშირებს. ნინო ფხალაძის განცხადებით, ჩხრეკა 20 ოქტომბერს მის საცხოვრებელ სახლში დილის 6 საათზე დაიწყო და 3 საათს გაგრძელდა. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ჩხრეკისას ვერაფერი იპოვეს. დეპუტატი ფაქტს საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლად მიიჩნევს და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დაინტერესდნენ მომხდარით.

ზემოხსენებულ ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორაგნიზაციის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე. დეპუტატი ნინო ფხალაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ფაქტზე საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მიმართავს; ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას და შს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მომხდარი ფაქტი გამოიძიოს და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს.

შსს-ს ფაქტის გამოძიებისა და გარემოებების დადგენის თხოვნით უკვე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“.

თეო ზაქარაშვილის შეფასებით, აღნიშნული ფაქტის გარდა, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგისას იმერეთის რეგიონში განსაკუთრებული დარღვევები არ გამოვლენილა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგებს იურისტი დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ საარჩევნო სუბიექტები სააგიტაციო შეხვედრებს ორგანიზებულად მართავენ.