დათხოვნილი საჯარო მოხელეები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

ქუთაისი

ქუთაისის მერიის სამსახურებიდან დათხოვნილი თანამშრომლების ნაწილი სასამართლოში სარჩელს ივლისის ბოლომდე შეიტანს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ორი თვის მანძილზე მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად, მერიაში 16-ის ნაცვლად 18 სამსახური ჩამოყალიბდა და 90-მდე საჯარო მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდა, მათ შორის, ორი ვიცე-მერი. სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე, რომელიც საკუთარ გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დათხოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს.

სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს ეკონომიკური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მერი კახიანი, რომელიც მთავარ სპეციალისტად 2010 წლის თებერვლიდან მუშაობდა. როგორც კახიანი აცხადებს, გათავისუფლების ბრძანება 21 ივნისს ჩაბარდა და მიზეზი რეორგანიზაციის შედეგად შტატის გაუქმება იყო. მისივე განმარტებით, სამსახურს მხოლოდ სახელწოდება შეეცვალა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის სახელწოდებით ჩამოყალიბდა, თუმცა სამსახურის დებულება არ შეცვლილა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და მედიასთან ურთიერთობის საკურატორო სფეროებს ისევ მოიცავს, რასაც მერი კახიანი გათავისუფლებამდე კურირებდა.
საჯარო სამსახურებიდან დათხოვნილთა ნაწილმა ადვოკატირებისთვის უკვე მიმართა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ქუთაისის ოფისს. ორგანიზაციის იურისტის თეო ზაქარაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაცია ამ ეტაპზე მერიიდან გათავისუფლებული 12 საჯარო მოხელის სარჩელს ამზადებს და 18 ივლისს რამდენიმე მათგანს საქალაქო სასამართლოში წარადგენს. თეო ზაქარაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებულთა დათხოვნის ბრძანებებში არსებულ სამართლებრივ დარღვევებზე საუბრობს.

მიმდინარე თვიდან ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ატესტაცია უნდა დაწყებულიყო, რის შედეგადაც, თუ საჯარო მოხელე მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებდა, გამოთავისუფლებულ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდებოდა. ვიცე-მერის თენგიზ თოფურიძის განმარტებით, ატესტაციისა და კონკურსის გამოცხადება მერის, დიმიტრი კოპალიანის, შეერთებულ შტატებში ვიზიტის გამო გადაიდო და პროცესი მისი ქუთაისში დაბრუნებისთანავე დაიწყება.