ქუთაისის მერიიდან 85 თანამშრომელი გათავისუფლდა

ქუთაისი

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პირველ ეტაპზე სამსახურებიდან გათავისუფლდა 85 თანამშრომელი, რაც მერიაში დასაქმებულთა 13.5 %-ს შეადგენს. სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება ჩაბარდა ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების 11 ხელმძღვანელს, მათ შორის - არქიტექტურის, კულტურის, სოციალური მომსახურების, შესყიდვების, სამხედრო, საბინაო, გაგანგებო სიტუაციების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებს. არსებული 16 სამსახურის რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შედეგად კი, ყველაზე მეტი - 28 ადამიანი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დაითხოვეს. 14-მა თანამშრომელმა დატოვა ადმინისტრაციული სამსახური. ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაცია 11 ადამიანს შეეხო, კულტურისა და განათლების სამსახურიდან 7 თანამშრომელია გათავისუფლებული.

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი, რომელიც საკრებულომ თანამდებობაზე 5 ივნისს დაამტკიცა, რეორგანიზაციის აუცილებლობასა და თანამშრომელთა გათავისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების სიდიდით ხსნის და ადამიანების პარტიული ნიშნით დათხოვნას გამორიცხავს. დიმიტრი კოპალიანის განცხადებით, რეორგანიზაცია მერიის ყველა სამსახურში ეტაპობრივად განხორციელდება, პირველი ეტაპის შემდეგ კი თანამდებობების დასაკავებლად თანამშრომელთა საატესტაციო კონკურსი ჩატარდება.

როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ თოფურიძე განმარტავს, არსებული 16 სამსახურის ფორმირების შემდეგ 19 სამსახური ჩამოყალიბდება. თოფურიძის განცხადებით, რეორგანიზაცია ყველა სამსახურში არ ჩატარებულა, რადგან მათი დებულება და ფუნქციური განაწილება კორექტირებას არ საჭიროებდა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა 60 შტატი, 25 საშტატო ერთეულზე კი კონკურსი გამოცხადდება.

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის სამართლებრივ საკითხებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ იკვლევს. ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორის თამარ ჭარბაძის განცხადებით, რამდენჯერმე მიმართვის მიუხედავად, ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების საშტატო ერთეულის რაოდენობის დამტკიცების შესახებ საკრებულოსგან ინფორმაცია ვერ მიიღო. თამარ ჭარბაძე მერიის სამსახურების ოპტიმიზაციას მოქმედი კანონის მიხედვით განმარტავს.

როგორც, თავის მხრივ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ თოფურიძე აცხადებს, სამსახურებიდან გათავისუფლებულებს, კანონის შესაბამისად, 2 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით თანხა მიეცემათ. თოფურიძისვე განმარტებით, მათ ასევე შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება.