ქუთაისში ხარაზოვის ბაღის რეკონსტრუქცია იგეგმება

ქუთაისი

ქუთაისში ბულვარის შემდეგ სიდიდით მეორე ბაღი ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიის ცენტრშია გაშენებული. ბაღის სამ მხარეს მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხარაზოვის ბაღი მათთვის და მათი ოჯხებისთვის დასვენების საუკეთესო ადგილია, თუმცა მისი მოვლა მხოლოდ მოსახლეობის ძალებით შეუძლებელია. ბაღში განთავსებულია ნიღბების თეატრის შენობა, რომელიც რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია და იქ თეატრი ვეღარ ფუნქციონირებს. მოსახლეობა ამბობს, რომ შენობა სხვადასხვა მიზეზის გამო მათ საფრთხეს უქმნის და აუცილებელია მისი დანგრევა.

რადიო თავისუფლების რესპონდენტების თქმით, მოქალაქეები ხარაზოვის ბაღს და მის მიმდებარე ტერიტორიას საკუთარი ძალებით უვლიან, ასუფთავებენ და ახალ ნარგავებსაც აშენებენ, მაგრამ მრავალწლიან ხეებს სპეციალისტების მეთვალყურეობა და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება.
როგორც რადიო თავისუფლებას მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუმარტეს, ქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, მიმდინარე წელს ქალაქის ბაღებისა და სკვერების კეთილმოწყობისთვის 800 ათასი ლარია გამოყოფილი. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, უკვე დამუშავებულია ხარაზოვის ბაღის რეკონსტრუქციისა და განაშენიანების პროექტი და ივნისის თვის ბოლოს შემსრულებელი ფირმის გამოსავლენად ტენდერი გამოცხადდება. ლევან ჭანჭალეიშვილის ინფორმაციით, ეკოლოგებმა და დენდროლოგებმა უკვე შეისწავლეს ხარაზოვის ბაღის ფლორა და ფაუნა და მისი განახლება სპეციალისტების კონსულტაციების შესაბამისად მოხდება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს, ხარაზოვის ბაღის გარდა, ქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე სკვერის კეთილმოწყობა იგეგმება, ქალაქის ქუჩებში კი, ხეების გადაბელვის პარალელურად, ახალი 200 ძირი ფართოფოთლოვანი ხის ნერგი დაირგვება, რაც ქალაქის მიკროკლიმატსა და ეკოლოგიურ გარემოს გააუმჯობესებს.