ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ია მეურმიშვილმა ინტერვიუ ჩამოართვა ნატოში აშშ-ის ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს. საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკასა და მის ურთიერთობას აშშ-თან.
ამერიკის ხმა: ექვსი წლის წინ რუსეთმა საქართველოში ჯარები შეიყვანა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა ორი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. დღეს ის უკრაინაში „ჰუმანიტარული კოლონის“ შეგზავნას ცდილობს. თქვენი აზრით, გასული ექვსი წლის განმავლობაში, რა შეიცვალა მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის დამოკიდებულებაში და რა დარჩა უცვლელი?
კურტ ვოლკერი: ჩემი აზრით, განსხვავება ბევრია და თანაც, უარყოფითი მიმართულებით. ევროპამ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია ფაქტად მიიღო. არავინ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. ეს დიდი იმედგაცრუებაა. ამას გარდა, რეგიონში დემოკრატიზაციისა და განვითარების თვალსაზრისით უკუსვლა შეინიშნება. უკრაინას რაც შეეხება, ჩემი აზრით, რუსეთმა საქართველოში კარგი გაკვეთილი მიიღო. ის უკრაინაში ჯარებს შეუნიღბავად აღარ შეიყვანს და უფრო მეტად ფარულ ოპერაციებს ჩაატარებს. რუსეთმა ყირიმი ძალიან სწრაფად იგდო ხელთ, თუმცა აღმოსავლეთ უკრაინაში ფეხის მოკიდება გაუჭირდა. ჰუმანიტარული კოლონის შეგზავნის მცდელობით, რუსეთს სურს, დაგვანახვოს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხელი მიუწვდება. უკრაინის ჯარმა მცდელობა უნდა აღკვეთოს, ან კოლონას გზა გაუხსნას. ორივე შემთხვევაში რუსეთს მზად ექნება რეაგირების გეგმა.
ამერიკის ხმა: როგორ შეიძლება რუსეთის შეჩერება?
დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობის გართულებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა და მდგომარეობის გამოსასწორებლად საკუთარი პოზიციის შეცვლა გადაწყვიტა. ჩემი აზრით, ამან ხელი შეუწყო პუტინის აგრესიის ზრდას, განსაკუთრებით ქვეყნის შიგნით...
კურტ ვოლკერი: ამ ეტაპზე რუსეთი იმდენად მონდომებულია, რომ მისი შეჩერება მხოლოდ სამხედრო ძალითაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც რუსეთს სამხედრო ძალით უნდა დაუპირისპირდეს. უკრაინა ამას უკვე აკეთებს, მაგრამ დანარჩენი ევროპა - არა.
ამერიკის ხმა: თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთმა 2008 წლის ომიდან გაკვეთილი ისწავლა. რა ისწავლა დასავლეთმა?
კურტ ვოლკერი: სამწუხაროდ, მხოლოდ მცდარი გაკვეთილები. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაფუჭებული იყო. ამან მიგვიყვანა ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკამდე. დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობის გართულებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა და მდგომარეობის გამოსასწორებლად საკუთარი პოზიციის შეცვლა გადაწყვიტა. ჩემი აზრით, ამან ხელი შეუწყო პუტინის აგრესიის ზრდას, განსაკუთრებით ქვეყნის შიგნით, და იმ შესაძლო სამხედრო ავანტიურას, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ.
ამერიკის ხმა: რა ცვლილებებს ხედავთ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში 2008 წლის ომის შემდეგ? როგორ ჩანს ეს ურთიერთობა ვაშინგტონიდან - გაუმჯობესდა, იგივე დარჩა თუ გაუარესდა?
მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა საფუძველი ყოფილი მაღალჩნოსნებისათვის წაყენებულ ბრალდებებსა და დაკავებას, დასავლეთში მაინც ჩნდება ეჭვი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, ხოლო საქართველო არ არის შემდგარი დემოკრატია...
კურტ ვოლკერი: ძალიან რთულია ურთიერთობის იმაზე მეტად გაუარესება, რაც 2008 წელს იყო, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. ეს ძალიან დაბალი ათვლის წერტილია. ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა ურთიერთობის დასტაბილურებას შეეცადა. ახლანდელი მთავრობის პირობებში ურთიერთობა უდავოდ უფრო სტაბილურია, თუმცა არა მგონია, საქართველოს მიმართ რუსეთის ზრახვები შეცვლილიყო. გაგრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოება გაყოფილია და პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეომებიან, დასავლეთის შეშფოთებას ზრდის, რაც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაში არ ეხმარება.
ამერიკის ხმა: სწორედ ამ თემაზე მინდა ვისაუბროთ. ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და მთავრობის რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. რას ფიქრობთ ამ პროცესზე? რა შედეგს მოუტანს ის საქართველოს?
კურტ ვოლკერი: ვფიქრობ, ეს პროცესები საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. საქართველო დასავლეთისკენ ისწრაფვის. მას სურს, ევროპული მეინსტრიმის ნაწილი გახდეს, ევროკავშირსა და ნატოს შეუერთდეს და ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მქონე შემდგარ დემოკრატიად იქცეს. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა საფუძველი ყოფილი მაღალჩნოსნებისათვის წაყენებულ ბრალდებებსა და დაკავებას, დასავლეთში მაინც ჩნდება ეჭვი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, ხოლო საქართველო არ არის შემდგარი დემოკრატია. გარე დამკვირვებლებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ომი მიმდინარეობს, რაც საქართველოს იზოლირებას იწვევს. ქვეყანა თითქოს მარტო დგას. რუსეთი ამ გარემოებას საქართველოსა და მთელ რეგიონზე საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენებს.
ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, ეს პროცესი საზიანოა საქართველოს დასავლური მისწრაფებებისთვის?
კურტ ვოლკერი: დიახ. დასავლეთ ევროპაში დაიღალნენ გაფართოებით და აღარ სურთ ნატოსა და ევროკავშირში ახალი წევრების მიღება. მათ მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მათგან დიდად განსხვავდებიან და თან რუსეთის გავლენის სფეროს წარმოადგენენ. დასავლეთის თვალში ამ შეხედულების გამყარება საქართველოს კიდევ უფრო გაურთულებს საქმეს.
დღევანდელი პროცესები ქვეყნის დანაწევრებას იწვევს. ზოგ შემთხვევაში ვხედავთ წინასწარ დაკავებებს სათანადო მტკიცებულებების გარეშე, რაც პოლიტიკური მოტივაციის შთაბეჭდილებას ქმნის და ასუსტებს ნდობას საქართველოს დემოკრატიისადმი...
ამერიკის ხმა: საქართველოს მთავრობა რთულ მდგომარეობაშია. არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ საზოგადოება შეწუხდა ყოფილი მთავრობის მხრიდან საკუთრებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევითა და ძალაუფლების გადამეტებით. ამ სასამართლო პროცესებით მთავრობა, ფაქტობრივად, საზოგადოების დაკვეთას ასრულებს. მაგრამ, ამავე დროს, დასავლეთში ქვეყნის იმიჯი ილახება. რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ოქროს შუალედის მოსაძებნად?
კურტ ვოლკერი: მე რომ მთავრობის ადგილას ვიყო, გამოვიკვლევდი დარღვევებს და გავასაჯაროებდი ყველა დიდ შეცდომას. თუ ჩადენილია ომის დანაშაული, ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს ფაქტები და მოხდეს მათი გასაჯაროება. შემდეგ მთავრობას შეუძლია, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება - დააპატიმროს დამნაშავე თუ გამოაცხადოს გარკვეული ამნისტია. ამის არაერთი მაგალითი არსებობს სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში სიმართლის კომისიების სახით. უნდა გითხრათ, რომ ამ ქვეყნებში გაცილებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, ვიდრე საქართველოში. ადამიანის გასამართლება შეიძლება, მაგრამ ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს. სასამართლო პროცესების მიზანი ადამიანის დასჯა კი არა, საზოგადოებისათვის მიყენებული ტკივილის მოშუშება უნდა იყოს. მერე კი უნდა დაიწყოს საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა. დღევანდელი პროცესები ქვეყნის დანაწევრებას იწვევს. ზოგ შემთხვევაში ვხედავთ წინასწარ დაკავებებს სათანადო მტკიცებულებების გარეშე, რაც პოლიტიკური მოტივაციის შთაბეჭდილებას ქმნის და ასუსტებს ნდობას საქართველოს დემოკრატიისადმი.
ამერიკის ხმა: თქვენ არ ხართ პირველი, ვინც სამართლებრივ პროცესებს საბაზრო ეკონომიკას უკავშირებს...
ობამას ადმინისტრაცია აშკარა უპირატესობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობას, „გადატვირთვის“ პოლიტიკას, და მისი ამოცანაა დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობის მოგვარება. შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობა დაკნინდა. ბუშის ადმინისტრაციას საწინააღმდეგო შეხედულება ჰქონდა. მისთვის საქართველო გარკვეული პრინციპებისა და ღირებულებების სიმბოლო იყო...
კურტ ვოლკერი: მათ ერთმანეთთან პოლიტიკური სისტემა აკავშირებს. ევროპული მოდელის წარმატებულ ქვეყანაში უნდა დაიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება, შექმნა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა და დაამკვიდრო კანონის უზენაესობა. საქართველოში მიმდინარე დაკავებები საზოგადოებამ, შეიძლება, კანონის უზენაესობის ნაწილად მიიჩნიოს, მაგრამ დაკავება მხოლოდ სამხილების წარდგენის შემდეგ უნდა განხორციელდეს. საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რა სურს: წარმოჩნდეს, როგორც მთავრობა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის, თუ მთავრობა, რომელმაც საქართველოს ისტორიის მორიგი მძიმე ფურცელი გადაშალა და უკეთესი მომავლის მშენებლობას მოკიდა ხელი.
ამერიკის ხმა: როცა თქვენ შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში მუშაობდით, საქართველო ამერიკის ფავორიტად იქცა. 2005 წელს პრეზიდენტმა ბუშმა მას „დემოკრატიის შუქურაც“ კი უწოდა. ფიქრობთ თუ არა, რომ იმხანად ამერიკამ საქართველოს დემოკრატიას იმაზე მეტი ნდობა გამოუცხადა, ვიდრე ეს ქვეყანა იმსახურებდა და დღეს იმ გაზვიადებული იმიჯის ნგრევის მოწმენი ვართ?
კურტ ვოლკერი: ამ შეკითხვას ორი მხარე აქვს. ბუშის ადმინისტრაციასა და ობამას დღევანდელ ადმინისტრაციას შორის დიდი მსოფლმხედველობრივი განსხვავებაა. ობამას ადმინისტრაცია აშკარა უპირატესობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობას, „გადატვირთვის“ პოლიტიკას, და მისი ამოცანაა დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობის მოგვარება. შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობა დაკნინდა. ბუშის ადმინისტრაციას საწინააღმდეგო შეხედულება ჰქონდა. მისთვის საქართველო გარკვეული პრინციპებისა და ღირებულებების სიმბოლო იყო: თავისუფლების, საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ იყო უნაკლო, იმედი გვქონდა, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნების მსგავსად, ისიც გაატარებდა რეფორმებს და გარდაიქმნებოდა. საქართველოს უდავოდ ჰქონდა ნაკლი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო იმ პროცესების მხარდაჭერა, რომლებიც ვახსენე, რადგან ამერიკას პრინციპების სჯერა. საქართველოს მხრიდან კი, ჩემი აზრით, ასეთი ვითარება იყო: მიუხედავად იმისა, რომ ბუშის ადმინისტრაცია განუწყვეტლივ საუბრობდა სასამართლო რეფორმის, დემოკრატიის გამყარების, მედიის თავისუფლებისა და, ზოგადად, მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე, საქართველოს მთავრობა ყველაფერს არ ითვალისწინებდა. ქვეყნის ლიდერები გზავნილებს შერჩევითად უგდებდნენ ყურს და ესმოდათ მხოლოდ ის, რისი გაგონებაც სურდათ. შესაძლოა, ბუშის ადმინისტრაციის ბრალი იყო, რომ მას არ ჰქონდა უფრო მკაფიო გზავნილები. ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს იმ ადმინისტრაციისაგან უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა, რადგან საკმაოდ ხშირი იყო კრიტიკაც.
ამერიკის ხმა: რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკა პრაქტიკულად ჩავარდნილია. როგორ ფიქრობთ, ობამას ადმინისტრაცია შეცვლის საქართველოსადმი თავის დამოკიდებულებას?
კურტ ვოლკერი: არა მგონია. ვისურვებდი, სხვა პასუხის გაცემის საშუალება მქონდეს, მაგრამ არა მგონია. იმის გამო, რომ „გადატვირთვა“ ჩავარდა, ამერიკას რუსეთთან დაპირისპირება გაუღრმავდა. კონფრონტაციაში ჩართვის ნაცვლად, ვაშინგტონი უკან იხევს. ამ დაპირისპირების ცხადი მაგალითია უკრაინა, სადაც ჩვენ მეტისმეტად ვფრთხილობთ.