კახეთში 60 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი გადამუშავდა

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ქარხნებს ყველაზე მეტი მოსავალი, 20 ათას ტონაზე მეტი, ყვარლის მუნიციპალიტეტის, ხოლო ყველაზე ნაკლები საგარეჯოს მოსახლეობამ ჩააბარა. წელს რთველი ქუჩის აქციებისა და პროტესტის გარეშე მიმდინარეობს. ფასი ყურძნის ჯიშისა და ხარისხის მიხედვით დგინდება.

კახეთის რეგიონში 60 ათას ტონამდე მოსავალი უკვე დაბინავებულია. ეს არის რთვლის საკოორდინაციო შტაბის მიერ დამუშავებული ინფორმაცია, რომელსაც უწყება ყოველდღიურად ასაჯაროებს. ყურძენს 80-მდე კომპანია იბარებს, ფასს კი ხარისხის მიხედვით იხდიან. ქარხნების მიერ უკვე გადამუშავებულია 28 ათას ტონაზე მეტი საფერავი, 23 ათას ტონაზე მეტი რქაწითელი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მცხოვრები შალვა ფილაშვილი ამბობს, რომ წელს რქაწითლის ჯიშის ყურძნის მოსავალი არ არის ისეთი კარგი, როგორც საფერავისა. ახმეტაში მცხოვრები ნუგზარ შაშვიაშვილის თქმით კი, სხვა წლებთან შედარებით, წელს საფერავის ფასი საშუალოდ მისაღებია და სტაბილურობას ინარჩუნებს. მევანახეები ამბობენ, რომ ღვინის ქარხნებთან რიგებია.

საფერავის ჯიშის კილოგრამი ყურძნის ფასი 1 ლარი და 30 თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობს, რქაწითლისა კი 70-80 თეთრი ღირს. ღვინის კომპანიების მენეჯერები ამბობენ, რომ ფასი ყურძნის ხარისხის მიხედვით იცვლება. ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის, შალვა ახობაძის ცნობით, მათ უკვე 600 ტონა ყურძენი გადაამუშავეს და კიდევ 3000 ტონა მოსავლის მიღებას გეგმავენ.

ისევე როგორც სხვა წლებში, წელსაც მუშაობს „რთვლის საკოორდინაციო შტაბი“, რომელიც თელავშია განთავსებული. შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ხელმძღვანელობს. სამანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყურძენი ქარხნებს რვა ათასამდე მევენახემ ჩააბარა და მათი საერთო შემოსავალი 65 მილიონ ლარს აღემატება.

კახეთის რეგიონში 2017 წლის რთვლისთვის ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა, თუმცა, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშეწყობისთვის – კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის საწარმოებლად რქაწითელსა და კახური მწვანის 1 კგ ყურძენს შეისყიდიან, არანაკლებ, 70 თეთრისა – სახელმწიფოსგან, კომპენსაციის სახით, 35 თეთრს მიიღებენ.

ამ დროისათვის, ქარხნებს ყველაზე მეტი მოსავალი, 20 ათას ტონაზე მეტი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მევენახეებმა ჩააბარეს, ყველაზე ნაკლები კი – საგარეჯოს მოსახლეობამ.