საქართველოს კანონმდებლობით, თვითმმართველი ორგანოების მოვალეობებს განეკუთვნება ადგილობრივ დონეზე თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება და ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და საგამოფენო დარბაზების მუშაობის უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, საარჩევნო სუბიექტები თავის პროგრამებში კულტურის სფეროს ნაკლებად ეხებიან. ქუთაისში გამართული საჯარო დისკუსიის მონაწილე ნინო ჯინჭარაძემ ვერ გაიხსენა მერობის თუ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ვერც ერთი კანდიდატის პროგრამა, რომელშიც კულტურის საკითხებია ასახული. ნინო ჯინჭარაძის განცხადებით, კანდიდატები ამომრჩევლებს ძირითადად ჰპირდებიან სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას და ამ დრომდე, ფაქტობრივად, არავის უმსჯელია კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე:
Your browser doesn’t support HTML5
„რაღაცა სჭირდება აუცილებლად ამ ქალაქს, არ არის კინოთეატრი, საოპერო მუსიკის რაიმე კონცერტიც კი, ფესტივალზე არ ვსაუბრობ, რომელიც იყო ხოლმე ერთი კვირით - „შემოდგომის სერენადები“ . ახლა კონცერტიც კი არ მახსოვს ბოლო პერიოდში ღირებული ჩატარებულიყოს ქალაქში, რაც აუცილებლად საჭიროა“, – ამბობს ნინო ჯინჭარაძე.
რა მნიშვნელობა აქვს რაიმე რომ შემოგვთავაზონ, თუკი ვერასდროს ვერ ასრულებენ?! ამდენად, ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. დაპირება დაპირებისთვის არის და არა ხალხისთვის და განხორციელებისთვის. ჯერჯერობით არ მჯერა არც ერთის, იმიტომ რომ ვიცი, რომ არ განახორციელებენ...მალვინა შანიძე
კულტურის სფეროთი პოლიტიკური პარტიების ნაკლებად დაინტერესებაზე ისაუბრა სტუდენტმა მზია გელაშვილმაც. მისი თქმით, აუცილებელია გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება, რათა მათ ახალი წიგნები შეიძინონ:
„ვერაფერს ვხედავ, რომ კულტურის სფეროში რაიმე რეალური ცვლილება მოხდა, ან აპირებენ რომ შეცვალონ, იმიტომ რომ არ გამოუქვეყნებიათ არაფერი“, – აცხადებს მზია გელაშვილი.
ქუთაისის სააარჩევნო მედიაცენტრში გამართული დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ, გაგა ვაშაყმაძემ პოლიტიკურ სუბიექტებს შესთავაზა კონკრეტული წინადადება, რომელიც, მისი თქმით, შეუძლიათ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გაითვალისწინონ:
„პირველ რიგში, უნდა იყოს დაფინანსებული სკოლები, რომ მოსწავლე- ახალგაზრდები მუზეუმში მინიმუმ თვეში ერთხელ მივიდნენ. შვიდი მუზეუმია ქალაქში და მათ უნდა დაათვალიერონ და გაიცნონ ის ღირსშესანიშნაობები, რაც გააჩნია არა მარტო ქალაქს, არამედ მთელ სახელმწიფოს“, – აცხადებს გაგა ვაშაყმაძე.
საჯარო დისკუსიის მონაწილეებმა ქუთაისში მუნიციპალური კინოთეატრის შექმნის სურვილიც გამოთქვეს. არაერთი დაპირების მიუხედავად, ქალაქში კინოდარბაზი დღემდე არ ფუნქციონირებს და კინომოყვარულებს მხოლოდ ზაფხულის საღამოების ფარგლებში, ღია ცის ქვეშ მიმდინარე კონოკვირეულის დროს შეუძლიათ თანამედროვე თუ კლასიკური ფილმების ნახვა. სტუდენტი თეონა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ქალაქში საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტების განსახორციელებლად მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამებში ასახვა არასაკმარისია და ამ მიმართულებით განვითარებას, ნებასთან ერთად, წლები სჭირდება:
„ვფიქრობ, ძალიან დიდი დრო სჭირდება, ქალაქის კულტურული სახით ჩამოყალიბებას. ეს ხდება წლების განმავლობაში, რასაც სჭირდება გამოცდილი კადრები, ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან რა და როგორ გააკეთონ. პარტიამ მხოლოდ საზოგადოების გული კი არ უნდა მოიგოს, არამედ როგორც ქალაქის მოქალაქეებს, ისე უნდა უნდოდეს, რომ კულტურა გაძლიერდეს ქალაქში“, – ამბობს თეონა ხაჭაპურიძე.
წინასაარჩევნო პროგრამებში კულტურული პროექტების ასახვას ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საჯარო შეხვედრის მონაწილე მალვინა შანიძე. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები დაპირებებს არ ასრულებენ, ამიტომ პროგრამებში პრობლემების გათვალისწინებას აზრი არა აქვს:
„რა მნიშვნელობა აქვს რაიმე რომ შემოგვთავაზონ, თუკი ვერასდროს ვერ ასრულებენ?! ამდენად, ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. დაპირება დაპირებისთვის არის და არა ხალხისთვის და განხორციელებისთვის. ჯერჯერობით არ მჯერა არც ერთის, იმიტომ რომ ვიცი, რომ არ განახორციელებენ“, – აცხადებს დისკუსიის მონაწილე მალვინა შანიძე.
დისკუსიის სპიკერის, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ამომრჩევლის საჭიროებების გასათვალისწინებლად და დაპირებების შესასრულებლად თავად საზოგადოების აქტიურობაა საჭირო:
„რასაკვირველია, სხვადასხვანაირი მეთოდები არსებობს, საზოგადოების მხრიდან თუ როგორ შეიძლება გარკვეული ზეგავლენის მოხდენა გარკვეულ პოლიტიკურ წრეებზე. მთავარია, რომ საზოგადოება იყოს რაღაცით დაინტერესებული და გარკვეული ძალიხმევა, ენერგია ჩადოს იმ საკითხების გადაჭრისთვის, რომელიც მას აინტერესებს. ბევრი საკითხია ისეთი, რომელზეც თვითონ საზოგადოებას შეუძლია იზრუნოს. სანამ საზოგადოების წარმომადგენლები ვერ მიხვდებიან, რომ მათაც აქვთ გავლენის მოხდენის საშუალება, რომ მათაც შეუძლიათ ჯგუფი შეკრან, რომელიც ამა თუ იმ საკითხს თავად გადაწყვეტს, მანამდე მუდმივად ვიქნებით შემყურენი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის, მათი იმედებითა და შემდგომ იმედგაცრუებებით, როგორც ხდება ხოლმე“, – ამბობს ლაშა ბაქრაძე.
ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში კულტურის საკითხები სხვადასხვა მიზეზით ვერ ხვდება და საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ ამ სფეროს განვითარების გრძელვადიანი გეგმა