კულტურა 2013 წელს

ქართული კულტურა გასულ წელსაც პოლიტიკის გავლენას განიცდიდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ გამოხატავდა რეალობას. ასეა თუ ისე, 2013 წელი მაინც გამოირჩევა ქართველ ხელოვანთა წარმატებებით.

გასულ წელს თბილისში უკვე ორი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართა, თანაც, ერთმანეთის მიყოლებით: თბილისის თეატრალური ფესტივალი, რომლის ძირითადი სპონსორი ქალაქის მერიაა, და ფესტივალი „საჩუქარი“, რომლის დაფინანსებაზე თავის დროზე მერიამ უარი თქვა. შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლის შემოდგომა თეატრალური იყო თბილისში. მიუხეავადა იმისა, რომ წინასწარ გამოცხადებული პროგრამა თუნდაც „საჩუქარმა“ ფესტივალის დღეებში ოდნავ შეცვალა, სპექტაკლები როგორც ერთ, ისე მეორე ფესტივალზე ხალხით სავსე დარბაზებში ჩატარდა. ამ სპექატკლებით კი, ასეა თუ ისე, შეიქმნა შთაბეჭდილება თანამედროვე თეატრალურ პროცესებზე და, რაც მთავარია, ქართული თეატრის დღევანდელ მდგომარეობაზე. მაგალითად, თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს ქართველ თეატრალთა ახალ ნამუშევრებს თუ შევადარებდით, დავრწმუნდებოდით, რომ ჩვენი თეატრის დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა და არაფრით ჩამორჩება, ასე ვთქვათ, „დასავლურ სტანდარტებს“. ამისათვის თუნდაც წლის ერთ-ერთი მთავარი სპექტაკლის, დათა თავაძისა და დავით გაბუნიას „ტროელი ქალების“ გახსენებაც კმარა - სპექტაკლისა, რომელიც ანშლაგებით იდგმებოდა „სამეფო უბნის თეატრში“.

თეატრალური ენის განახლებასთან ერთად, რაც ნამდვილად იგრძნობა „ტროელ ქალებში“, მნიშვნელოვანია ავტორების სითამამე, არასტერეოტიპული აზროვნება, პოლიტიკურ-სოციალურ კლიშეებზე უარის თქმა. ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატორული ხელოვნების დარგი საქართველოში - თეატრი - თავისუფლდება კლიშეებისგან, პათეტიკისგან და გაბედული ხდება, იმდენად გაბედული, რომ თავად კონსერვატორ თეატრალებში იწვევს პროტესტს. ამ მხრივ ნიშანდობლივია წლის ერთ-ერთი მთავარი კულტურული პროექტის, „ვაგინა მონოლოგების“ კითხვა, რომელიც წელს ქალთა უფლებების დამცველებმა მოაწყვეს რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ნიშანდობლივია ის, რომ წარმოდგენის მსვლელობის დროს პროტესტი თავად სპექტაკლის სანახავად მოსულმა თეატრალური უნივერსიტეტის მსახიობებმა გამოხატეს - მათზე ივ ენსლერის „ვაგინა მონოლოგებმა“ შოკივით იმოქმედა.

სავარაუდოდ, ასეთმა ადამიანებმა იაქტიურეს 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მოწყობილ აქციაზე სექსუალური უმცირესობების დამცველთა წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს ქართველი ხელოვანები დაჩაგრულის, სუსტის, მარგინალიზებულის დამცველის როლში არა მხოლოდ აქციებზე მოგვევლინენ, ამ ადამიანების ცხოვრებით ისინი თავიანთ შემოქმედებაშიც დაინტერესდნენ. ამის მაგალითი ბევრია, განსაკუთრებით კინოში - ამის მაგალითია რუსუდან ჭყონიას „გაიღიმეთ“, რომელიც 2013 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ამის მაგალითია ლია ჯაყელის დოკუმენტური ფილმი „დედა, მამა, მე გეი ვარ“, რომლის პრემიერა დეკემბერში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

უმცირესობის ცხოვრებით დაინტერესება არც თვითმიზანია და არც მოჩვენებითი ჰუმანიზმი. ახალი ადამიანებით და ახალი თემებით დაინტერესება ამდიდრებს კულტურას, ხელოვნების ენას და 2013 წლის კულტურული აფიშა ამის კარგი მაგალითია. ქართული ხელოვნების თითქმის ყველა სფეროს შეეხო ეს სიახლე და, შესაბამისად, დაეხმარა ქართულ კულტურას გამოსულიყო თავისი საზღვრებიდან - გაგახსენებთ თუნდაც თამთა მელაშვილის გერმანულად თარგმნილი წიგნის - „გათვლის“ - წარმატებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ნანა ევთიმისშვილის და სიმონ გროსის ფილმის „გრძელი ნათელი დღეების“ საერთაშორისო ტრიუმფს, ქართველი მხატვრების წარმატებას ვენეციის ბიენალეზე, რის შესახებაც ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გვითხრა.

დიახ, ქართველი არტისტები ნელ-ნელა ახერხებენ მიაღწიონ საერთაშორისო წარმატებას, საქართველოში კი... საქართველოში საერთაშორისო კინო და თეატრალური ფესტივალებიც ჩატარდა, კარგი წიგნებიც ითარგმნა, ჯაზფესტივალიც, ოფენ ეარიც მოეწყო, დიფარფლის კონცერტით... მაგრამ მასობრივ წარმატებაზე თუ ვილაპარაკებთ, აქ ნამდვილად ლიდერობენ რუსული ესტრადის ვარსკვლავები. 2013 წელს ისინი ერთმანეთის მიყოლებით ატარებდნენ კონცერტებს ხალხით სავსე დარბაზებში.

რა გამოდის? ქართული კულტურა გამარჯვებების ნაკლებობას არც 2013 წელს განიცდიდა? მაგრამ გამარჯვება და წარმატება ჯერ კიდევ გამიჯნული ცნებებია ქართულ კულტურულ სივრცეში. შესაბამისად, კულტურის სამინისტროს ჯერ კიდევ უჭირს გაერკვეს თავის პრიორიტეტებში - ვის და რა სახის კულტურას დაუჭიროს მხარი, რა სახის კულტურას გაუწიოს ფინანსური დახმარება.