„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია

კრწანისის საწვრთნელი ცენტრი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის 23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის, „კრწანისის“, ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთონ და ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარონ. 23 ოქტომბერს „კრწანისის“ ტერიტორიაზე მოკლული გიგა შენგელიას მამამ ისარგებლა თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებით და შემთხვევის ადგილი და სამართალდამცავების მოქმედების არეალი დაათვალიერა. „კრწანისის“ ტერიტორიისა და მისი შემოგარენის დათვალიერების შემდეგ, მან განაცხადა, რომ სამი შეკითხვა ჰქონდა და პასუხი სამივეზე მიიღო. ნონა მჭედლიშვილი განავრცობს თემას.

Your browser doesn’t support HTML5

„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია

როგორც წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის, „კრწანისის“ დატოვების შემდეგ, 26 ოქტომბერს დაღუპული გიგა შენგელიას მამამ, რომან შენგელიამ განაცხადა, მას შეკითხვები ამ ეტაპზე გამოძიებასთან არ აქვს, თუმცა არ აქვს პასუხიც იმასთან დაკავშირებით, რატომ იმყოფებოდა სამხედრო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მისი შვილი თანმხლებ პირებთან ერთად:

„კითხვები მქონდა, ამ კითხვებზე მე პასუხი გამცეს უკვე და ახლა გამოძიებას დაველოდები. ჩემი შვილი თბილისში დადიოდა, ეს ვიცი, მარა, ახლა ბაზაზე რომ დადიოდა, იმაზე არ უთქვია, რა ვიცი. ახლა რომ დავაკვირდი აქაურობას, შიგნით უნდა მომხდარიყო, ისეთ ადგილას იყო გვამი ნაპოვნი, იქ ვერ ნახავდა გუშაგი“, – ამბობს რომან შენგელია, რომელიც კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე შესვლამდე ფიქრობდა, რომ გუშაგმა მის შვილს კრწანისის ტერიტორიის შიდა კი არა, გარე პერიმეტრზე ესროლა და დაჭრილი განსაცდელში მიატოვა, რამაც მისი სისხლისგან დაცლა და სიკვდილი გამოიწვია.

დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად, იმ ინსტრუქციების მიხედვით, რომელიც მათ გააჩნიათ...
გიორგი კვირიკაშვილი

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ალტერნატიული გამოძიებაც ჩატარდეს:

„სამხედრო ობიექტებს აქვს ძალიან მკაცრი დაცვის წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო. გამოძიებას რაც შეეხება, მიმდინარეობს. გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი, ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარები. მე, პირადად, დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად, იმ ინსტრუქციების მიხედვით, რომელიც მათ გააჩნიათ", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად კი, 23 ოქტომბერს, ღამით, 3:30 წუთზე სამი პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტრში. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. შემთხვევა, განცხადების თანახმად, მოხდა ბაზის უკანა შიდა პერიმეტრზე და გუშაგი იმყოფებოდა არა საგუშაგოზე, არამედ ახორციელებდა განწესით გათვალისწინებულ შემოვლას. მან ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა ტერიტორიაზე მყოფი უცხო პირები, შემდეგ კი, როცა ერთ-ერთმა პირმა მას რკინის ცეცხლმაქრი ესროლა, ჯერ ჰაერში, შემდეგ კი, დაუმორჩილებლობის გამო, უცნობი პირების მიმართულებით ისროლა.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში გიგა შენგელიას გვამი ტერიტორიის დათვალიერებისას დილით აღმოაჩინეს. შემთხვევისა და გვამის აღმოჩენის ადგილებიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი, გაზის პისტოლეტი, ღამის მაშუქი, რკინის ცეცხლმაქრი და ავტომატური იარაღის 5 მასრა.

ეს პირები, ეტყობა, ცდილობდნენ ამ ნაწილში შესვლას და რამის გასაკეთებლად ან რამის გასაფუჭებლად, ასაფეთქებლად, მოსაპარად – არა, უბრალოდ, მისი ძმა ადრე მსახურობდა იქ, როგორც ამბობენ და შეიძლება ან ვიღაც მეგობრის სანახავად...
ირაკლი ალადაშვილი

„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, რომან შენგელიამ 26 ოქტომბერს გამოკითხვაზე სამხედრო პოლიციაში გადაინაცვლა. მედიასთან კი, შემთხვევიდან ამ დღემდე, მან არაერთხელ განაცხადა, რომ, მისი ვარაუდით, გიგა შენგელია, თანმხლებ პირებთან ერთად, კრწანისის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე მეგობრის სანახავად შევიდა, რაც პირველი შემთხვევა არ ყოფილა. სწორედ ეს განცხადება უმყარებს სამხედრო ექსპერტს, ირაკლი ალადაშვილს იმის რწმენას, რომ საქმე გვაქვს ტრაგიკულ დაუდევრობასთან და შემთხვევითობასთან და არ არის საჭირო სკანდალის შექმნა იქ, სადაც ის არ არსებობს:

„ეს პირები, ეტყობა, ცდილობდნენ ამ ნაწილში შესვლას და რამის გასაკეთებლად ან რამის გასაფუჭებლად, ასაფეთქებლად, მოსაპარად – არა, უბრალოდ, მისი ძმა ადრე მსახურობდა იქ, როგორც ამბობენ და შეიძლება ან ვიღაც მეგობრის სანახავად, ან ვიღაც მესამე – საუბარია ერთ ვერსიაზეც, რომ ის მესამე, ვინც იყო, შეიძლება ის იყო თვითდათხოვნაში წამოსული, მსახურობდა და დაბრუნება უნდოდა. ანუ, იმ გასასვლელით ღობეში მათ ან სხვებსაც ადრეც უსარგებლიათ, ეტყობა, და იცოდნენ ეს გზა და, ეტყობა, სხვა გუშაგი ვინც იყო, მაშინ ხდებოდა ეს და პრობლემაც არ იყო და ამჯერად, ასე არ მოხდა“.

ეს არის ვერსია, რომლისაც ირაკლი ალადაშვილს სჯერა, თუმცა, ობიექტურად, არ გამორიცხავს არც სხვა ვერსიებს. იგი ინტერესით ელოდება გამოძიებას და მიიჩნევს, რომ მისაღებია საქმეზე ნებისმიერი ალტერნატიული, მათ შორის, ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებაც.