კორუფციის რისკი, გაუმჭვირვალე დასაქმების პოლიტიკა, დაბალი ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაცაა ლაპარაკი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში. ის ორგანიზაციამ 15 დეკემბერს გამოაქვეყნა და მისი მიზანი ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშს წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცება, რასაც მოჰყვა მედიაორგანიზაციებისა და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის წევრთა კრიტიკული შეფასებები.
Your browser doesn’t support HTML5
თუ გავითვალისწინებთ, რომ სარედაქციო პოლიტიკა, კონტენტის ანალიზის მიხედვით, რომელიც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ - მათ შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ - ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მიიღეს დასკვნა, რომ კრიტიკა შერბილებულია ხელისუფლების მიმართ...მამუკა ანდღულაძე
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 14 დეკემბერს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბოლო ერთი წლის საქმიანობის შესახებ გამოკვლევა გამოაქვეყნა. კორუფციის რისკი, კერძო ტელევიზიების ზარალი, გაუმჭვირვალე დასაქმების პოლიტიკა, დაბალი ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც ილაპარაკა 15 დეკემბერს, გამოკვლევის პრეზენტაციისას, „საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, მამუკა ანდღულაძემ. მისი სიტყვებით, კითხვის ნიშნებს ბადებს, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარკვეული შესყიდვები - მათ შორის რეჟისორ გოგა ხაინდრავას, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის კომპანიის მიერ მოგებული ტენდერი სერიალის წარმოებაზე, ასევე, ბერა ივანიშვილის კომპანიის მიერ ჯერ მოგებული ტენდერი განათების მომსახურების შესყიდვაზე და მოგვიანებით, საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, ამ ტექნიკის მაუწყებლისთვის საჩუქრად გადაცემა. გარდა ამისა, მამუკა ანდღულაძისავე თქმით, საეჭვოა საზოგადოებრივ მაუწყებელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, „ჯი დი ეს-ის“, თანამშრომლების აქტიურად დასაქმებაც:
„თუ გავითვალისწინებთ იმ კრიტიკულ მდგომარეობას, რომელიც მენეჯმენტის მიმართ არსებობს, და თუ გავითვალიწინებთ ლეგიტიმურ კითხვებს, ასევე თუ გავითვალისწინებთ, რომ სარედაქციო პოლიტიკა, კონტენტის ანალიზის მიხედვით, რომელიც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ - მათ შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ - ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მიიღეს დასკვნა, რომ კრიტიკა შერბილებულია ხელისუფლების მიმართ, ლოგიკურად ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რამდენად შეძლებს ამ სარედაქციო პოლიტიკისა და მენეჯმენტის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებელი მოვალეობის შესრულებას და ობიექტურობის დაცვას“.
ამ მწირ ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსვლა, ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს, ანუ ეს ცვლილება პატარა მოთამაშეებს პრობლემას შეუქმნის.მამუკა ანდღულაძე
მამუკა ანდღულაძე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს პარლამენტის მიერ 14 დეკემბერს მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე „საზოგადოებრივი მაუწყებლობის“ შესახებ და იმ რამდენიმე ყურადსაღებ ცვლილებას ჩამოთვლის, რომლებიც, მისი თქმით, განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითად არსს, ისე, ზოგადად, მედიაგარემოს. პირველ რიგში ეს ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მაუწყებლის ეთერით გასაშვები გადაცემების, ფილმების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე, რაც, მამუკა ანდღულაძის თქმით, ზრდის კორუფციის რისკს. თუმცა, გარდა ამისა, მისივე თქმით, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც რეკლამასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სარეკლამო დროის გაზრდას უკავშირდება:
„სამწუხაროდ, სარეკლამო ბაზარი საქართველოში არ არის ისეთი დიდი, რომ დააკმაყოფილოს დღეს ბაზარზე არსებული ყველა მოთამაშის მოთხოვნები და ამ ფონზე, დამატებით, ამ მწირ ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსვლა, ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს, ანუ ეს ცვლილება პატარა მოთამაშეებს პრობლემას შეუქმნის“.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 11 დეკემბერს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“კანონში ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, სწორედ რეკლამასთან დაკავშირებული საკითხი იყო. კომიტეტის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან დავით ჭიჭინაძემ 14 დეკემბერს გამართულ ხმაურიან პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავდნენ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა კომიტეტის პოზიცია და განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში კომერციული რეკლამის გაჩენა ეწინააღმდეგება მაუწყებლის დაფინანსების პრინციპს და საფრთხეს უქმნის მაუწყებლის დამოუკიდებლობას:
„პრინციპული მოთხოვნა, რომ კომერციული რეკლამა აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირველ არხს, ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ტელევიზიის ყურებადობის გაზომვა უნდათ, ამისათვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს და არა ის, რომ კომერციული რეკლამის მეშვეობით გაზომონ, თუ როგორ მუშაობს ტელევიზია. ამ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ჩვენ მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და კომიტეტმა ერთხმად არ დაუჭირა მხარი ამ რედაქციით კანონის წარმოდგენას“.
წამყვანმა კომიტეტმა უთხრა უარი კანონპროექტს და ეს კანონპროექტი დღეს მხარდაჭერილია პარლამენტში. ეს არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა. მაშინ რაში გვჭირდება საკომიტეტო განხილვები?! რეალურად, ბუტაფორიად აქციეს ეს ჩაღრმავებული განხილვები...ნათია კუპრაშვილი
მიუხედავად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის არგუმენტებისა, 14 დეკემბერს კანონპროექტში შესატან ცვლილებებს 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ კი ხმა მისცა ექვსმა დეპუტატმა.
ორი დღის წინ კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისათვის“ სპეციალური განცხადება გაავრცელა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მკაცრად აკრიტიკებენ ცვლილებების პროექტს და მოუწოდებენ პარლამენტს გულისყურით მოეკიდოს დარგობრივი კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეჭირათ მხარი კანონპროექტისათვის. ნათია კუპრაშვილი, კოალიციის კოორდინატორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს საზოგადოება თვალს ადევნებს ალოგიკურ კანონშემოქმედებით პროცესს:
„წამყვანმა კომიტეტმა უთხრა უარი კანონპროექტს და ეს კანონპროექტი დღეს მხარდაჭერილია პარლამენტში. ეს არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა. მაშინ რაში გვჭირდება საკომიტეტო განხილვები?! რეალურად, ბუტაფორიად აქციეს ეს ჩაღრმავებული განხილვები, ანუ, თითქოს ვქმნით დემოკრატიულ პროცესს აბსოლუტურად არადემოკრატიული შედეგით და ასეთ შედეგს აყენებენ მაშინ, როდესაც წამყვანი კომიტეტი ეუბნება მათ უარს და მაინც გააქვთ მეორე მოსმენაზე და, თან, გააქვთ მედიისგან ჩუმად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩართული აქტორები ვიყავით ამ პროცესში, არ გვითხრეს და დღის წესრიგშიც ვერსად ვიპოვეთ, რომ პარლამენტში გუშინ განხილვა შედგებოდა“.
კანონში შესატანი სხვა ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხიდან ნაშთი დარჩება, მას აღარ ექნება ვალდებულება აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტშივე დააბრუნოს. ნაცვლად ამისა, აუთვისებელი თანხა წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფოდან მიღებულ ახალ დაფინანსებას. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამიერიდან უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები მიმართოს სტარტაპების დაფინანსებისკენ. გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი მიიღებს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე წლის ზაფხულში შევიდა. ცვლილებები კანონის ათზე მეტ მუხლში შედის. კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. მათი განცხადებით, ცვლილებების მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა და, ასევე, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარლამენტის წევრების კრიტიკულ განცხადებებს კანონში შესატან ცვლილებებზე საზოგადოებრივი მაუწყებელი 15 დეკემბრის 6 საათამდე არ გამოხმაურებია.