კრიპტოვალუტა - აფხაზეთის ენერგეტიკის მთავარი მტერი?

ენგურჰესი

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ენერგოსისტემას მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის კრიპტოვალუტის მაინინგი - გამომუშავება, განაცხადა აფხაზეთის გაერთიანებული ენერგოკომპანიის, „ჩერნომორენერგოს“, გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ, რომლის თქმითაც, ბზიფში და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ტერიტორიაზე (აგუძერასა და სინოფში) მუშაობს კრიპტოვალუტის მაინინგის სამი ფერმა, აფხაზეთის მიმზიდველობას კი განაპირობებს ელექტროენერგიის დაბალი ფასი: 1 კვტსთ დენი 40 რუსული კაპიკი ღირს, რაც, დაახლოებით, 0,7 ამერიკული ცენტია.

„ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი ასლან ბასარია

„საკუთარი სიმძლავრეები აქვთ, შეძენილი ელექტროენერგიის საფასურსაც იხდიან, მაგრამ საჭიროა მათი სიმძლავრეების დაზუსტება. გასაგებია, რომ საბჭოთა პერიოდშიც გამოიმუშავებდნენ გარკვეულ სიმძლავრეს, თუმცა ახლა საჭიროა ახალი ტექნიკური პარამეტრების წარმოდგენა, რასაც ისინი არ აკეთებენ“, - განაცხადა ასლან ბასარიამ. - „საჭიროა გარკვევა, რა სიმძლავრის გამოყენებით ხდება კრიპტოვალუტის გამომუშავება, რადგანაც შესაძლოა საქმე გვქონდეს ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარებასთან. დიახ, ისინი იხდიან ელექტროენერგიის საფასურს, მაგრამ რა? დიდი დატვირთვა მოდის ჩვენ ქსელზე, ჩვენს მაგისტრალურ ხაზებზე, ჩვენს ქვესადგურებსა და ტრანსფორმატორებზე. ეს დატვირთა დარტყმას აყენებს ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელსაც ზამთარში სურს სითბოსა და სინათლის მიღება. დაახლოებით, 300-ჯერ მოგვმართეს, მათ შორის უცხოურმა კომპანიებმა, თუმცა ძირითადად ჩვენი მოქალაქეები მოდიან ვიღაც უცხოელებთან ერთად და ითხოვენ სიმძლავრის გამოყოფას მაინინგისთვის. ყოველ ჯერზე ჩვენი პასუხი ერთნაირია: „არა, შეუძლებელია, არ გვაქვს სიმძლავრეები!“

თუმცა კრიპტოვალუტის მაინინგი არ არის ერთადერთი საქმიანობა, რომელიც პრობლემას უქმნის თვითაღიარებული აფხაზეთის ენერგოსისტემას. პრობლემად რჩება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა. როგორც ირკვევა, ფიზიკური პირები მოხმარებული ელექტროენერგის საფასურის მხოლოდ 40,2 %-ს იხდიან (შარშან ეს მაჩვენებელი 44,2 % იყო), იურიდიული პირები კი - 86,4%-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფიზიკური პირები შეადგენენ მომხმარებელთა 77%-ს.

ოჩამჩირის რაიონში ექვს სოფელს შევუწყვიტეთ დენის მიწოდება, ასევე შევუწყვიტეთ გუდაუთის რაიონის სოფელ ვარჩას, რომლის მოსახლეობას არასოდეს არ გადაუხდია მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასური...
ასლან ბასარია

ასლან ბასარიას თქმით, „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელობა იძულებულია ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს ურჩ გადამხდელებს. გუდაუთის რაიონში არის სოფლები, რომლებიც მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 2-5 პროცენტს იხდიან, არადა, ყველა ითხოვს ელექტროენერგიის მდგრად მიწოდებას.

„ოჩამჩირის რაიონში ექვს სოფელს შევუწყვიტეთ დენის მიწოდება, ასევე შევუწყვიტეთ გუდაუთის რაიონის სოფელ ვარჩას, რომლის მოსახლეობას არასოდეს არ გადაუხდია მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასური“, - განაცხადა ასლან ბასარიამ.

საგულისხმოა, რომ 2016 წელს აფხაზეთისათვის მიწოდებული იქნა ენგური/ვარდნილის კასკადის წლიური გამომუშავების 46 %, 2017-ში კი - 48 %.

მურმან მარგველაშვილი, ენგურჰესზე მომზადებული ანგარიშის ავტორი, შენიშნავს, რომ, 2016 წლის მონაცემებით, აფხაზეთის მოხმარება 1926 მილიონი კვტსთ იყო, რაც, აფხაზეთში მოსახლეობის აღწერის 2011 წლის მონაცემების (240 ათასი მოსახლე) მიხედვით, ერთ სულზე 8000 კვტსთ-ს შეესაბამება. ეს 3.3-ჯერ აღემატება დანარჩენი საქართველოს მაჩვენებელს.

ენგურჰესი

რუსულ-აფხაზური წყაროების მიხედვით, აფხაზეთში ენერგომოხმარების სუბსიდირებას რუსეთის მხარეც აკეთებს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, „ინტერ-რაოს“ მიუღებელმა შემოსავალმა აფხაზეთის ენერგომომარაგებაზე 2016-2017 წლებში, დაახლოებით, 750 მლნ რუბლი შეადგინა. ამ ხარჯებს „ინტერ-რაოს“ ნაწილობრივ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უფარავს.

სპეციალისტების შეფასებით, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპულიკის ენერგოსექტორში არსებული პრობლემების მთავარ მიზეზი ელექტროენერგიის განაწილების ტექნიკურიდა ორგანიზაციული მოუწესრიგებლობაა.