კრემლის მტრები და ეგზოტიკური შხამები

კრემლი, მოსკოვი

ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის, უეცარმა ავადმყოფობამ ბევრს გაახსენა ლონდონში კიდევ ერთ ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, მკვლელობა. ბრიტანეთის გამოძიების თანახმად, ლიტვინენკო რუსეთის აგენტებმა რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლეს.

სერგეი სკრიპალი

სერგეი სკრიპალი, სავარაუდოდ, ჯერ დაუდგენელ ნივთიერებასთან შეხების შემდეგ გახდა ცუდად. ბრიტანეთის პოლიცია ამბობს, რომ ჯერ კიდევ დასადგენია, მოწამლეს თუ არა სკრიპალი, თუმცა ტენდენცია ეჭვს იწვევს - კრემლის ოპონენტები და კრიტიკოსები ხშირად იწამლებიან, რაც ზოგჯერ ფატალური შედეგით მთავრდება. აი, რამდენიმე შხამი, რომელიც ფიგურირებდა გახმაურებულ საქმეებში.

ფენტანილი და კარფენტანილი

ბრიტანეთის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სკრიპალი და მისი ქალიშვილი ფენტანილთან შეხების შემდეგ გახდნენ ცუდად. ფენტანილი სინთეტიკური ოპიატია, რომელიც მორფზე სულ მცირე 50-ჯერ ძლიერია. მისი მონათესავე სინთეტიკური ოპიატი კარფენტანილი კი მორფზე 10 ათასჯერ ძლიერია. ამ სინთეტიკურ ოპიატებს გამოიყენებენ მედიცინაში, მისით ვაჭრობენ ნარკოდილერები, რაც ხშირად სასიკვდილო შედეგს იწვევს, და მას იარაღადაც იყენებენ. არსებობს პეინტბოლის ტიპის თოფი, რომელიც ამ ნარკოტიკით დამუშავებულ ტყვიებს ისვრის, და აეროზოლი, რომელიც ოპიატს აფრქვევს.

სპეცსამსახურების წარმომადგენლები დუბროვკის თეატრთან, 2002 წელი

ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებმა სწორედ კარფენტანილი გამოიყენეს 2002 წელს დუბროვკის თეატრში ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებსაც 800 ადამიანი ჰყავდათ მძევლად აყვანილი. მაშინ სპეცოპერაციას ტერორისტებთან ერთად 120 მძევალი ემსხვერპლა.

გელსემიუმი

გელსემიუმი შხამია, რომელსაც რუსი და ჩინელი მკვლელები იყენებენ ხოლმე. ის მიიღება Gelsemium elegans-იდან - იშვიათი მცენარიდან, რომელიც მხოლოდ აზიაში იზრდება. ეს შხამი დაკავშირებულია ალექსანდრ პერეპილიჩნის სიკვდილთან. რუსმა ოლიგარქმა და კრემლის კრიტიკოსმა ალექსანდრ პერეპილიჩნიმ 2009 წელს თავი ლონდონს შეაფარა. ის ჩვენებას იძლეოდა კორუმპირებული რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ და ასევე ეხმარებოდა გამოძიებას სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის გარემოებებზე ინფორმაციით. ის 2012 წელს, 44 წლის ასაკში, ვარჯიშისას მოულოდნელად გარდაიცვალა. თავდაპირველად გამოძიებამ მისი სიკვდილი ბუნებრივად მიიჩნია, თუმცა მოგვიანებით ახალმა ტესტებმა გვამში გელსემიუმის კვალი გამოავლინა. გამოძიების თანახმად, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ პერეპილიჩნი რუსი მაღალჩინოსნების ბრძანებით მოკლეს.

პოლონიუმ-210

პოლონიუმი იშვიათი რადიოაქტიური ელემენტია, რომელიც წყალბადის ციანიდზე 150 ათასზე მეტჯერ ტოქსიკურია. პოლონიუმით მოწამლეს ალექსანდრ ლიტვინენკო, რუსეთის ეფესბეს ყოფილი აგენტი, რომელმაც 2000 წელს თავი ლონდონს შეაფარა.

ალექსანდრ ლიტვინენკო. 1998 წელი

ლიტვინენკო ლონდონის სუში ბარში 2006 წელს მოწამლეს. ბრიტანელი ექსპერტების ცნობით, ის, სავარაუდოდ, პირველი ადამიანია, ვინც პოლონიუმ-210-ის შედეგად მოკვდა. ბრიტანეთის გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო ანდრეი ლუგავოიმ და დიმიტრი კოვტუნმა მოწამლეს პუტინის ბრძანებით.

ტეტრაქლოროდიბეზოდიოქსინი (TCDD) – „დიოქსინი“

TCDD, რომელსაც ხშირად, თუმცა შეცდომით, დიოქსინს უწოდებენ, უფერო, უსუნო ნივთიერებაა. სწორედ მისგან ამზადებდნენ Agent Orange-ს, მომწამვლელ ნივთიერებას, რომელსაც აშშ-ის არმია ვიეტნამთან ომში იყენებდა.

ვიქტორ იუშჩენკო

ამ ნივთიერებით მოწამლეს ვიქტორ იუშჩენკო 2004 წელს, როდესაც ის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა რუსეთის ფავორიტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ.