კრემლის კიბერ-მაბეზღარები

„მედიაგვარდია“ - ასე ეწოდება კრემლის მხარდამჭერი ახალგაზრდების ახალ ჯგუფს, რომელიც ინტერნეტში პატრულირებს: ეძებს მასალებს, რომლებიც რუსეთის კანონებს არღვევს და ამ საქმიანობით, ბევრის აზრით, ახალ ფორმას ანიჭებს სტალინიზმის ეპოქის დასმენებს.

გრძელთმიან, წვერიან მამაკაცს, რომელსაც ხელში ცისარტყელისფერებიანი დროშა უჭირავს, მწერივით ჭყლეტს გიგანტური ხელი პატარა ბიჭის თვალწინ. ძალადობის ამ სცენის ამსახველ ნახატს ახლავს ტექსტი, რომელშიც შეხვდებით ცნებებს „ლგბტ“ და „გარყვნილების პროპაგანდა“. გამოსახულება ბოლოხანს ინტერნეტში გაავრცელა კრემლის მხარდამჭერმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა „მედიაგვარდიამ“ თანამოაზრეების დასაინტერესებლად, მათ წასახალისებლად, ხელი შეუწყონ ინტერნეტის გაწმენდას „სახიფათო“ მასალებისაგან.

„ყოველი ვირუსი მყისვე უნდა გაისრისოს“, - ვკითხულობთ „მედიაგვარდიის“ ინტერნეტ-პლაკატზე, რომელზეც გიგანტური ხელით განადგურებული დროშიანი მამაკაცი გამოუსახავთ და რომლითაც მკითხველს მოუწოდებენ, ებრძოლოს ჰომოსექსუალობის „პროპაგანდას“ ინტერნეტში.

„მედიაგვარდიის“ აქტივისტები თავს წარმოსახავენ კრემლის ერთგულ ინტერნეტჯარისკაცებად: დღედაღამ ამოწმებენ გლობალურ ქსელში მიმობნეულ მასალებს, რათა არ გამოეპაროთ ონლაინ-ინფორმაციის მარეგულირებელი კანონების დარღვევა. რუსეთში ეს კანონები მიიღეს 2012 წელს, პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ.

2013 წელს დაარსებული „მედიაგვარდია“ მარტივ მეთოდს იყენებს: კიბერდასმენას ეწევა. მისი წევრები (4 ათასამდე მოხალისე) კომპიუტერებს უსხედან, იღებენ და ამოწმებენ საჩივრებს, რომლებსაც მათ სახიფათო შინაარსის ვებსაიტით შეშფოთებული მოქალაქეები უგზავნიან. და თუ საიტზე გამოქვეყნებული მასალა კანონდარღვევად ჩათვალეს, ოფიციალურ მიმართვას უგზავნიან შესაბამის ორგანოებს საიტის დასაბლოკად. მედიაგვარდიის მონაცემებით, მას საჩივარი აქვს შეტანილი 18 800-მდე საიტის წინააღმდეგ, რის შედეგადაც მათგან 2 475 დაიხურა.

„სახიფათო შინაარსის მქონედ“ „მედიაგვარდია“ მიიჩნევს მასალებს, რომელთა შავ სიაში შეტანაც ევალება რუსეთში მედიის ზედამხედველ უწყება „როსკომნადზორს“, სამართლებრივი სისტემის საქმეში ჩაურთველად. კანონით, რომელსაც პუტინმა ხელი მოაწერა 2012 წლის ივლისში, კერძოდ, აკრძალულია მცირეწლოვანთა ონლაინპორნოგრაფია, საიტები თვითმკვლელობისა ან ნარკოტიკების მოხმარებისაკენ მოწოდებით. და კიდევ: კრემლის ონლაინჯარისკაცები ებრძვიან „ჰომოსექსუალურ პროპაგანდად“ შერაცხილ მასალებს, მოწოდებას არასანქცირებული ანტისამთავრობო აქციებისაკენ, ექსტრემიზმს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვებსაიტებს, რომლებზეც უცხოურ საკვებს ყიდიან.

„მედიაგვარდიის“ ბოლო წარმატება 19 მარტით თარიღდება. ეს წარმატება მოჰყვა პროკურატურაში გაგზავნილ საჩივრებს, რომლებითაც მოითხოვენ საიტის „დეტი 404“-ის დახურვას. ამ საიტის ავტორები ცდილობენ დაეხმარონ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებს. 19 მარტს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ მიმართავს ზომებს „დეტი 404“-ის წინააღმდეგ: სასამართლოსაგან მოითხოვს, დაიბლოკოს საიტი პოპულარულ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტე“-ზე.

ჩვენი რადიოს შეკითხვის პასუხად, „მედიაგვარდიის“ ხელმძღვანელმა კირილ გრინჩენკომ გამოგვიგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისმა ჯგუფმა „დეტი 404“-თან ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც 200-ზე მეტი საჩივარი მიიღო ინტერნეტის რიგითი მომხმარებლებისაგან.

ლგბტ-აქტივისტები კი „დეტი 404“-ს მიიჩნევენ უნიკალურ ონლაინ-პლატფორმად მარგინალიზებული გეი და ლესბოსელი მოზარდების დასახმარებლად. ამ ახალგაზრდებში, აქტივისტების მონაცემებით, უფრო მაღალია თვითმკვლელობის საფრთხე, ვიდრე ჰეტეროსექსუალ მოზარდებში. მაგრამ „მედიაგვარდიის“ ხელმძღვანელს ეჭვი ეპარება ლგბტ აქტივისტების კეთილ ზრახვებში - მისი შეფასებით, საიტი „დეტი 404“ აშკარად არღვევს კანონს ჰომოსექსუალობის პროპაგანდის შესახებ. კირილ გრინჩენკოს გაგებით, მისი „მედიაგვარდია“ არის ხიდი სახელმწიფოსა და ხალხს შორის: ხელისუფლებას ეხმარება ინტერნეტის რეგულირებაში და, ამავე დროს, რიგით მოქალაქეებს სთავაზობს იოლ გზას თავისი უკმაყოფილების გამოსახატად.

შარშან „მედიაგვარდიას“ მიენიჭა „რუნეტის“ ორი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ონლაინ-პროექტისათვის. „რუნეტის“ ჯილდოები 2004 წლიდან გაიცემა რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს მიერ.

თუმცა არის ხალხი, ვის თვალშიც „მედიაგვარდია“ ნამდვილად არ იმსახურებს ჯილდოებს. მათ მიეკუთვნება პაველ რასუდოვი.

„არ მინდა, ძალიან უხეშად ვთქვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ფორმით ხდება რუსეთში 30-იანი წლების ცუდი ტრადიციების აღორძინება, იმიტომ რომ ეს არის წმინდა წყლის მაბეზღარობა. ხალხში ამას, უბრალოდ, მაბეზღარობას ეძახიან და ის, უბრალოდ, აჩვენებს, რომ პრობლემა, რომელსაც იგონებენ, სინამდვილეში არ არსებობსდა მის „მოსაგვარებლად“ საჭიროა შეიქმნას, აი, ასეთ ქვედანაყოფებს, რომლებიც ხელფასზე არიან, თავი მოაქვთ, თითქოს ხალხის ხმა იყვნენ“, - ამბობს პაველ რასუდოვი, რუსეთში დაურეგისტრირებელი, ინტერნეტის თავისუფლების მოთხოვნით ცნობილი, „მეკობრეთა პარტიის“ წევრი.

სხვათა შორის, „მედიაგვარდია“, რომელსაც ოპონენტები კრემლის კიბერ-მაბეზღარად მიიჩნევენ, მიეკუთვნება „ახალგაზრდა გვარდიელებს“ - რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“, ახალგაზრდულ ფრთას.