მცირე, მაგრამ მაინც კორუფცია

ეკა გიგაური, ერეკლე ურუშაძე. „კორუფციის გლობალური ბარომეტრი 2016“-ის შედეგების წარდგენა

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა „კორუფციის გლობალური ბარომეტრი 2016“-ის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 12%-მა კორუფცია დაასახელა ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის. ამ მაჩვენებლის სიმცირით, საქართველო 42 ქვეყნიდან მე-4 ადგილზეა - გერმანიის, შვედეთისა და შვეიცარიის შემდეგ. გამოკვლევა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა. 2016 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წინა, 2013 წლის, გამოკვლევისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ მაინც გაუარესებულია.

Your browser doesn’t support HTML5

მცირე, მაგრამ მაინც კორუფცია

გადაგიხდიათ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ქრთამი საჯარო მომსახურების რომელიმე სფეროში? ამ კითხვას დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 7 %-მა უპასუხა. მათგან ყველაზე მეტს, 11 %-ს, ქრთამი სოციალური შემწეობისთვის გადაუხდია, 7 %-ს - ოფიციალური დოკუმენტებისათვის, 4 %-ს კი - საჯარო განათლების სფეროში. ეს არის მაჩვენებელი გამოკვლევიდან „კორუფციის გლობალური ბარომეტრი 2016“, რომელიც ბერლინში მყოფმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, ჩაატარა და რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. 2016 წლის რეგიონალური კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციამ ევროპისა და ცენტრალური აზიის 42 ქვეყნის თითქმის 60 000 მოქალაქე გამოკითხა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კორუფციასთან დაკავშირებული გამოცდილების, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში კორუფციის დონისა და მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტურობის თაობაზე. გამოკვლევის თანახმად, ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12 % ასახელებს. იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწია, წინა, 2013 წლის, გამოკვლევასთან შედარებით, გაზრდილია, ანუ, მაჩვენებელი გაუარესებულია. 2013 წელს ამ პრობლემაზე მოსახლეობის მხოლოდ 4 % ლაპარაკობდა. თუკი საქართველოს მაჩვენებელს სხვა, მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელს შევადარებთ, უნდა ითქვას, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საჯარო სერვისის მისაღებად ქრთამი რუსეთში გამოკითხული მოსახლეობის 27 %-მა გადაიხადა, უკრაინაში - 23 %-მა, სომხეთში - 19-მა, ხოლო აზერბაიჯანში - 15 %-მა. სწორედ ამ მონაცემებს ადარებს ერთმანეთთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური და მნიშვნელოვანი პოზიტიური განსხვავების მიზეზზე ლაპარაკობს:

რეალურად, ჩვენთან ვისაც ევალება დღეს კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ეს არის პროკურატურა. არც ერთი მეტ-ნაკლებად ნეიტრალური დამკვირვებელი ორგანიზაცია არ იტყვის, რომ ისინი არიან პოლიტიკურად დამოუკიდებლები...
ერეკლე ურუშაძე

„საქართველო ძალიან წინ არის და ეს, რა თქმა უნდა, განპირობებულია იმ რეფორმებით, რომელიც ჩატარდა ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის შემდეგ. ანუ ის ანტიკორუფციული რეფორმები, რომელიც მაშინ ჩატარდა, დღესაც მუშაობს და დღესაც აქვს ამას ეფექტი“.

გასული გამოკვლევებისგან განსხვავებით, 2016 წლის „კორუფციის გლობალური ბარომეტრი“ შეიცავს ერთ ახალ კითხვასაც, რომელიც ეხება ბიზნესმენების გავლენას მთავრობაზე. აზრს, რომ მდიდარი პირები ხშირად იყენებენ თავიანთ გავლენას მთავრობაზე პირადი ინტერესებისათვის, 48 % ეთანხმება. საყურადღებოა ასევე მოსახლეობის განწყობა ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართ. გამოკითხულთა 41 % მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორუფციას ძალიან ცუდად ან საკმაოდ ცუდად ებრძვის. ერეკლე ურუშაძის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. წვრილმანი კორუფციის მაჩვენებელი საქართველოში საკმაოდ დაბალია, ეს გამოკვლევა და 41 %-იანი მაჩვენებელი იმისა, რომ მოსახლეობის განწყობით, ხელისუფლება კორუფციას ცუდად ებრძვის, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში კვლავაც არსებობს აღქმა ე.წ. ელიტური, ანუ მაღალი დონის, კორუფციისა. ერეკლე ურუშაძის თქმით, ამას ადასტურებს კიდევ ერთი გამოკვლევა, „კორუფციის აღქმის ინდექსი 2015“. ამ გამოკვლევის მიხედვით, საქართველო 168 ქვეყნიდან 48-ე ადგილს იკავებს, ანუ ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონე სტაბილურია და, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, საქართველო გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებს, თუმცა ეს შედეგები იმაზეც მიუთითებს, რომ კორუფცია ქვეყნისთვის მაინც რჩება გამოწვევად. ამ აღქმას, ერეკლე ურუშაძის აზრით, კონკრეტული მიზეზები აქვს:

„რეალურად, ჩვენთან ვისაც ევალება დღეს კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ეს არის პროკურატურა. არც ერთი მეტ-ნაკლებად ნეიტრალური დამკვირვებელი ორგანიზაცია არ იტყვის, რომ ისინი არიან პოლიტიკურად დამოუკიდებლები. მაღალი დონის კორუფციაში, როგორც წესი, ყოველთვის მონაწილეობს გავლენიანი თანამდებობის პირი მმართველი პარტიიდან და როდესაც ეს ორგანოები თავად მმართველი პარტიის ქვეშ არიან, წარმოუდგენელია, რომ მათ ეს ეფექტურად გამოიძიონ. სწორედ ამიტომ საჭიროა ახალი ბიძგი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომლის ფორმირების წესიც კანონით განისაზღვრებოდა და ამით მმართველი პარტიის გავლენა იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი. ასეთი სააგენტო თავის დროზე შეიქმნა პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, სლოვენიაში. ჩვენ მოვამზადეთ კიდეც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და გავუგზავნეთ ხელისუფლებას თითქმის ორი წლის წინ, თუმცა მთავრობის პოზიცია არის ის, რომ ისინი ამ იდეას არ ეთანხმებიან. ფიქრობენ, რომ არ არის საჭირო დამატებითი უწყება“.

ლევან ავალიშვილი

„მას მერე, რაც 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საგრძნობ წინსვლას მიაღწია, დიდი ცვლილებები აღარ ყოფილა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ლევან ავალიშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ პროგრამების ხელმძღვანელი. მისი თქმით, ის, რომ ქვედა და საშუალო დონეზე კორუფცია აღმოფხვრილია, იმას არ ნიშნავს, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით ქვეყანამ აღარ უნდა განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიებები - მით უმეტეს, რომ, ლევან ავალიშვილის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კორუფციის პრევენციას უკავშირდება:

„ბევრი მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. უბრალოდ, მე მგონია, რომ წინასაარჩევნო პროცესში ცოტა შეფერხება იყო ამ მიმართულებით, რადგან პოლიტიკური პროცესები ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა რეფორმის განვითარებაზე და, უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება, რომელიც ახლა უკვე, პრინციპში, საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს და სრული ძალაუფლება აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში შესაბამისი რეფორმები განახორციელოს, ამას უფრო სერიოზულად მოეკიდება და უფრო სწრაფ ტემპში გააკეთებს ამ რეფორმებს“.

გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გამოკვლევაში მონაწილე ქვეყნების მთავრობებს ოთხი რეკომენდაციით მიმართავს. მათ შორისაა: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სასამართლოსა და პროკურატურაზე აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის შემცირებას; მამხილებელთა დაცვის უზრუნველმყოფი კანონმდებლობის მიღება და აღსრულება და იმ ჟურნალისტების მხარდაჭერა, რომლებიც კორუფციის გამოვლენაზე მუშაობენ.