პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ, დღეს მიმართავს „კორცხელის ინციდენტის“ გამო ბრალდებული 6 პირისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების შუამდგომლობით - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. მისი ინფორმაციით, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოითხოვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივნისს, ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალური ბრალდება წარედგინა საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში 22 მაისს მომხდარი ინციდენტის ექვს მონაწილეს. თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით და გამასწორებელი სამუშაოთი. გამოძიების შედეგად კი, ინციდენტის მონაწილეებს ოფიციალური ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მძიმე, 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ეს მუხლი შეეხება ძალადობით, ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას. შსს-ს ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტის ხუთ მონაწილეს ბრალი წარედგინა 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რომელიც შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 180-დან 200 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე. ამავე ინციდენტის კიდევ ერთ მონაწილეს ოფიციალური ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რომლებიც შეეხება იმავე ქმედებას ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე. 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ დაისაჯოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში 22 მაისს მომხდარი ძალადობის დამკვეთი. პარტიის წარმომადგენლის ოთარ კახიძის მტკიცებით, მოძალადეთა ჯგუფმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა. „ეს არის ჯგუფი, რომელიც ვიცე-პრემიერ კალაძის ხელმძღვანელობით სწორედ ამგვარი საქმეებისთვის ემზადება, ამიტომ გამოძიება ვერასდროს იქნება სრულყოფილი, სანამ არ დაკითხავენ კალაძეს და არ გაირკვევა ვისი დაკვეთით მოქმედებენ ისინი“ - განაცხადა კახიძემ.
არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს - ამის შესახებ დღეს განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემეირმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი კომენტარი მოჰყვა კორცხელის ინციდენტზე საუბრისას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოთქმულ ეჭვს, რომ მმართველ კოალიციაში გარკვეული, ”მოძველბიჭო დაჯგუფება“ არსებობს. „მე პრეზიდენტის ეჭვებზე ვერაფერს ვიტყვი. შემიძლია მოგახსენოთ ინფორმაცია, რომელიც მაქვს - არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს და არც არავინ ფიქრობს, რომ რაიმე ტიპის სპეცდაჯგუფება შეიქმნას“ - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 1 ივნისს, აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მმართველი კოალიციის გარკვეულმა ჯგუფმა „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმატებით ჩაიბარა ”ზონდერული პოლიტიკა“ და სხვა მსგავსი მექანიზმები. „4 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ნაციონალურ მოძრაობას სწორედ ამ ძალადობის გამო ნათლად უთხრა უარი და გაუშვა ხელისუფლებიდან, ამიტომ არავის ეგონოს, რომ შეძლებენ იგივე მექანიზმებით თავს მოახვიონ საზოგადოებას რაიმე ტიპის გადაწყვეტილება” - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.