15 მაისს ჩაიშალა კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მიმდინარეობდა. შეხვედრის წამყვანის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრა ჩაიშალა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის გამო. მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარესა და კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვაში ჩართულ პოლიტიკოსებს არ მისცეს სიტყვით გამოსვლის საშუალება. სასტვენებითა და ხმის გამაძლიერებლებით შეიარაღებული მოქალაქეები სკანდირებდნენ: „კონსტიტუცია კლავს!“, „ოთხი მეშახტე!“, „არ გაგაყიდინებთ ქართულ მიწას!“.
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში გამართული კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის ბოლო შეხვედრა რეკორდულად სწრაფად - დაახლოებით ერთ საათში - შეძახილებისა და სტვენის ფონზე დასრულდა, რის გამოც შეხვედრის წამყვანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბოდიში მოუხადა ფილარმონიაში შეკრებილ ხალხს:
„ბოდიში მინდა მოვიხადო ამ ხალხისა და ჩვენი სახელით. მართლაც, უჩვეულო დემოკრატია მივიღეთ, ამერიკულ თუ ევროპულ სტილში გადავედით, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც მოახერხეს ჩაშლა. დარწმუნებული ვართ, მიუხედავად იმისა, რომ კბილებით გვიწევს იმ კარგი ცვლილებების გატანა, რაც აუცილებელი და საჭიროა, რადგანაც ჩვენ დაგვხვდა ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია, ჩვენ შევძლებთ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მივიღებთ პროგრესულ, წინმავალ, ევროპული ტიპის დემოკრატიას“.
საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა, გლეხები სოფლად მიმაგრებული არიან მიწაზე. შესაბამისად, მათი მიწების ტოტალური გასხვისება დიდ კორპორაციებზე ხელს შეუშლის ამ გლეხების დამაგრებას მიწებზე. ვინც არ უნდა იყოს მყიდველი, ქართველი ბიზნესმენი თუ უცხოელი ინვესტორი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს პრინციპული საკითხია...ირაკლი კუპრაძე
მამუკა მდინარაძეს შეხვედრის მიღებულ ფორმატში წაყვანის საშუალება არ მისცეს სტუდენტური მოძრაობის წევრებმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მშრომელთა უფლებების უგულებელყოფისა და კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის იმიტაციის გამო. სტუდენტების ემოციას განსაკუთრებული სიმძაფრე შესძინა ტყიბულელი მეშახტეების ტრაგიკულმა დაღუპვამ.
„ოთხი მეშახტე! ოთხი მეშახტე!“ - სკანდირებდნენ ისინი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი კუპრაძეს, რომელმაც სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზი ასე ახსნა:
„ამ განხილვებზე არ საუბრობენ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. აქ საუბარი ძირითადად მიდის პარტიულ მანდატებზე, რაც მხოლოდ პარტიების ინტერესების სფეროა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ეს არის: 94-ე მუხლი, რომელიც პარლამენტს არ აძლევს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების საშუალებას; ეს არის მშრომელთა უფლებები, პროფკავშირის სტატუსი, განათლების საკითხი - პრემიერის დადებული პირობა, რომელიც არ შეასრულა და რომელიც გულისხმობდა მინიმალური დაფინანსების განსაზღვრას მშპ-სთან მიმართებით. ჩვენ ვითხოვთ ამ კონკრეტული რეგულაციების მიღებას, შექმნას, დახვეწას. ასევე, ეს ეხება მიწის საკითხს, ოღონდ არა ქსენოფობიური გაგებით, არამედ ეკონომიკური გაგებით: საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა, გლეხები სოფლად მიმაგრებული არიან მიწაზე. შესაბამისად, მათი მიწების ტოტალური გასხვისება დიდ კორპორაციებზე ხელს შეუშლის ამ გლეხების დამაგრებას მიწებზე. ვინც არ უნდა იყოს მყიდველი, ქართველი ბიზნესმენი თუ უცხოელი ინვესტორი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს პრინციპული საკითხია“.
ირაკლი კუპრაძის მიერ ნახსენებმა მიწის საკითხმა გამოიწვია ყველაზე დიდი ვნებათაღელვა. პოლიტიკური პარტიების ერთმა ნაწილმა მმართველი პარტიისგან მოითხოვა მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში:
„რით განსხვავდება ის ხელისუფლება ოკუპანტისგან, რომელიც კონსტიტუციაში არ წერს, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე. როდესაც ქართულ მიწას ოკუპანტი იკავებს, მისი დაბრუნება ადრე თუ გვიან შეიძლება. გაყიდულ მიწას ვერ დავიბრუნებთ. არ გვინდა ხალხის გაბითურება იმით, რომ ორგანულ კანონში ჩაწერთ. ჩაწერეთ კონსტიტუციაში ქართველი ერის მოთხოვნა: ქართული მიწა რა იყიდება და დამთავრდება ყველაფერი!“
თუმცა პოლიტიკური ოპონენტების ამ გამოსვლაზე მეტად პარლამენტის თავმჯდომარე სტუდენტების მოთხოვნებმა და პროტესტმა გააღიზიანა. ირაკლი კობახიძემ სტუდენტების სოლიდარობას კომუნისტების ფსევდოსოლიდარობა უწოდა:
„კომუნისტების სოლიდარობა არ დაიშვა! არ არსებობს კომუნისტების მხრიდან სოლიდარობა. ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არ არის საქართველოში! კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ იაროთ ცოდნის გზით. თქვენ უნდა დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები. ასე იღებს ადამიანი ცოდნას, მაგრამ თქვენ დღესაც კი არ გინდათ ეს. ასე ვერ წახვალთ შორს. საქართველოში დამთავრდა კომუნიზმის დრო და ის არასოდეს არ დაბრუნდება. ჩვენ ვივლით ილია ჭავჭავაძის გზით და კონსტიტუციაც ზუსტად ამას ემსახურება“.
Your browser doesn’t support HTML5
ვნებათაღელვას იწვევს ასევე კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, შეუძლებელია გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე. სტუდენტური მოძრაობის წევრები ამ მუხლის შეცვლასაც მოითხოვენ, თუმცა, როგორც უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლება აჩქარებას არ აპირებს:
„ჯერ ერთი, იმის აუცილებლობა, რომ გადასახადები ახლა გაიზარდოს, ნამდვილად არ არსებობს. გარდა ამისა, სახეზეა საქართველოთი დაინტერესება დაბალი გადასახადების გამო და ამაში არაფერი არასახელმწიფოებრივი არ არის. დრო გვიჩვენებს, როგორ უკეთესია. სწრაფი და რევოლუციური მოქმედებები ნამდვილად არ არის ჩვენი პატარა ქვეყნისთვის შედეგიანი და შეიძლება სავალალო მდგომარეობამდეც მიგვიყვანოს“.
კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა 5 მაისს დაიწყო რეგიონებში. როგორც წესი, მძაფრ კამათს იწვევდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევისა და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება. 15 მაისს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც გამოკითხულთა 84 პროცენტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს პირდაპირი წესით მოქალაქეები უნდა ირჩევდნენ, 50 პროცენტი კი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეა.