მარტიდან პროგრამით "აწარმოე საქართველოში“ მორიგი კონკურსი გამოცხადდება

დავით ათუნაშვილმა საკუთარი ბიზნესი ორი წლის წინ დაიწყო. ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში მეფრინველეობის ფაბრიკა გახსნა და კვერცხის წარმოებას შეუდგა. ამბობს, რომ პირობები შეისწავლა და გადაწყვიტა რეგიონში მესხური კვერცხის რეალიზაცია მოეხდინა. საკუთარ ინვესტიციას იაფი კრედიტის ფარგლებში აღებული სესხი დაამატა და ბიზნესიც გააფართოვა.

ფიქრობს, რომ იაფი კრედიტის ფარგლებში აღებული სესხი, 300 ათასი ლარის ოდენობით, მნიშვნელოვნად დაეხმარა ბიზნესის გაფართოებაში. 20 თანამშრომლით იგი უკვე 25 ათასამდე კვერცხის რეალიზებას ახდენს. კომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ შპს ,,მესხეთის მეფრინველეობა“ უკვე წარმატებული ბიზნესია.

იაფი კრედიტით არა, მაგრამ პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობა ამხანაგობა „ესენდესმაც“ მიიღო. დამფუძნებლები მეორე წელია დაწყებული ბიზნესის განვითარებას ცდილობენ. ფოტო-ვიდეო სტუდიას კონკურენტულ გარემოში მოუწია საქმიანობის დაწყება, თუმცა მისი თავმჯდომარე, სერგეი ფიდანიანი, ფიქრობს, რომ ეს უკეთესიცაა.

სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მარტო სამცხე-ჯავახეთში 399 პროექტი დაფინანსდა და 528 ბენეფიციარმა წამოიწყო ან განავითარა საკუთარი ბიზნესი. სახელმწიფოს ამ ინიციატივას მნიშვნელოვნად და წარმატებულად მიიჩნევს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის, „კომპონენტის“, მენეჯერი. შალვა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების სამწლიანმა პროგრამამ ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა.

„კომპონენტის“ მენეჯერი განმარტავს, რომ ამ დროისათვის 100-ზე მეტი სახეობის ბიზნესია დაფინანსებული. მათ შორისაა მეფუტკრეობა, მექანიზაცია, საოჯახო სასტუმროები, ავტოტექმომსახურება, სასათბურე მეურნეობები, სამკერვალოები, მეფრინველეობა, სილამაზის სალონები, სავაჭრო ობიექტები, ავტოსამრეცხაოები და სხვა. დაფინანსებული პროექტების გარდა, „კომპონენტის“ მენეჯერი ამბობს, რომ მარტო სამცხე-ჯავახეთში 886-მა ადამიანმა შეიძინა ის უნარები, რომლებიც ბიზნესის უკეთ წარმოებისთვის არის საჭირო. სახელმწიფო პროგრამით ,,აწარმოე საქართველოში“ კონკურსი წელსაც გამოცხადდება. კონკრეტული პრიორიტეტებისა და მიმართულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.