5 ივნისს ტელეკომპანია „იბერიამ“ გაავრცელა ტყვეობაში მყოფი ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსურაულის, ვიდეო მიმართვა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციულურ ქსელებში. „ნუ გავწირავთ! არ გვყავს ჩვენ დასაკარგი გმირები“ - ვკითხულობთ მიმართვაში, რომლითაც მოქალაქეები საზოგადოებას და ხელისუფლებას მოუწოდებენ განსაცდელში არ მიატოვონ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მუშაობდა კერძო კონტრაქტით, ვიდრე 2017 წლის იანვარში "23 მარტის მოძრაობის" (M23) მეამბოხეებმა არ დაატყვევეს.
Your browser doesn’t support HTML5
გავრცელებულ ვიდეოში ტყვეობაში მყოფი სამხედრო მფრინავი მიმართავს სოფელ ალვანში მცხოვრებ დედას, არ გაყიდოს სახლი მის დასახსნელად, მიხედოს მის ოთხ შვილს და არ დაიჯეროს, რომ მკვლელია და თითქოს ვიღაცები ჩახოცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შვეულმფრენი, რომელსაც სოსო ოსურაული მართავდა, მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს, თვითონ მფრინავი კი დაატყვევეს. რადიო თავისუფლება პრეტორიაში დაუკავშირდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალს, რომლის თქმითაც, საგარეო უწყება ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს მფრინავის ბედის დასადგენად, სამშობლოში დასაბრუნებლად და საქმის კურსში აყენებს მფრინავის ოჯახს.
„მათ შორის, საქმის კურსში ჩავაყენეთ მაისში, როცა მივიღეთ ინფორმაცია თვითონ იმ სამხედრო დაჯგუფებიდან, ვის ხელშიც იმყოფებოდა ჩვენი თანამემამულე, რომ მოხდა რაღაც სპორადული შეტაკება სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის და რომ არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ ჩვენი თანამემამულე დაიღუპა... სწორედ ამ მომენტიდან იკარგება მისი კვალი... ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუწყა მფრინავის ამ კომუნიკაციის შესახებ“.
როცა გამტაცებლებზეა საუბარი, რთულია რამის რაციონალურად დაგეგმვა და საერთაშორისო კონვენციების მოხმობა არგუმენტად. არადა, არსებობს კონვენცია, დაკავშირებული სამხედრო პირებთან...ნიკა ჩიტაძე
ბექა დვალი იმასაც შენიშნავს, რომ საელჩო არ წყვეტს ძალისხმევას და საქართველოს მოქალაქის ბედის გარკვევაში ჩართული ჰყავს გაეროს მისია კონგოში, წითელი ჯვარი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება, თუმცა ამ ძალისხმევას ჯერ შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, მაისის შემდეგ, როცა კონგოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მორიგი შეტაკება მოხდა, სოსო ოსურაულის ბედი გაურკვეველია. რაც შეეხება ტელევიზიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ მიმართვას, ბექა დვალის თქმით, ჩანაწერი მაისის შეტაკებამდე, 2017 წლის თებერვალშია გაკეთებული:
„ყოველდღიურ რეჟიმში ვართ კომუნიკაციაში ამ საერთაშორისო სუბიექტებთან, რომლებიც უშუალოდ კონგოში იმყოფებიან და აქვთ სათანადო რესურსი და რომლებიც ჩვენი თხოვნითა და მიმართვით, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის პასუხად, გვპირდებიან, რომ არ იშურებენ ძალისხმევას ჩვენი თანამემამულის ბედის გასარკვევად. ჩვენ ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად უკეთესის იმედით. ასეთ ვითარებაში ვიმყოფებით“.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ასევე გამოსასყიდის მოგროვების მოწოდება, რომ თითქოსდა მეამბოხეები, რომლებმაც ქართველი მფრინავი დაატყვევეს, გამოსასყიდის სახით 1 მილიონ დოლარს ითხოვენ. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, ვითარება რთულია, ბევრი რამეა დამოკიდებული მთავრობის ძალისხმევაზე, თუმცა არა ყველაფერი.
„როცა გამტაცებლებზეა საუბარი, რთულია რამის რაციონალურად დაგეგმვა და საერთაშორისო კონვენციების მოხმობა არგუმენტად. არადა, არსებობს კონვენცია, დაკავშირებული სამხედრო პირებთან. რადგანაც კონგოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ის არის სამხედრო პირი და ამიტომ მასზე ვრცელდება კომბატანტის სტატუსი, თუმცა ასევე ვიცით, რომ სომალიში მოხდა მძევლების გათავისუფლება 2012 წელს საქართველოს მთავრობის უშუალო მონაწილეობით, როცა ყოფილი პრეზიდენტი იყო სომალიში ჩასული. ცხადია, სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს. სამწუხაროდ, ერთი კონკრეტული სტანდარტი არ არსებობს. არიან ქვეყნები, რომლებიც ტერორისტებთან და გამტაცებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამას დაუშვებლად მიიჩნევენ. ამ შემთხვევაში საქართველომ საერთაშორისო საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში და მოითხოვოს ქმედითი დახმარება“, უთხრა ნიკა ჩიტაძემ რადიო თავისუფლებას.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი საზოგადოებასა და მთავრობას იმ პასუხისმგებლობას შეახსენებს, რომელსაც ქვეყანა თავისი გმირების მიმართ უნდა გრძნობდეს. ცალკეული საშვეულმფრენო ესკადრილიის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა სოსო ოსურაულმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა რუსეთი სრულად აკონტროლებდა საქართველოს საჰაერო სივრცეს, ნამდვილი გმირობა ჩაიდინა.
„სოსო ოსურაული და მისი მფრინავები გმირობის ტოლფასად გადიოდნენ საბრძოლო გაფრენებზე. ოთხი ასეთი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს და მოწინააღმდეგის რამდენიმე ერთეული საბრძოლო ტექნიკა გაანადგურეს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი მათ მიერ განადგურებული რუსული „ურალები“, დატვირთული ნაღმსატყორცნებითა და ნაღმებით. აქ ცოტა რთული ვითარებაა, რადგანაც ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ სახელმწიფოს არ გაუგზავნია, კერძო პირია და თითქოს სახელმწიფო ვალდებული არ არის მის გამოხსნაზე იფიქროს, მაგრამ, მეორე მხრივ, სოსო ოსურაული არის ის ადამიანი, ვინც სამშობლოსათვის სიცოცხლეს სწირავდა. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ქვეყანამ იფიქროს თავის ვეტერანზე და მის გამოხსნაზე“, უთხრა ირაკლი ალადაშვილმა რადიო თავისუფლებას.