საოკუპაციო ხაზთან ფერმერთა ნაწილი მოსავალს ვერ აიღებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მცხოვრები 45 წლის დავით გელიაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ საღამოს გაათავისუფლეს. იგი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. ბოლო ერთ თვეში მსგავსი ბრალდებით საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს. საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასთან ერთად დაკავებების სტატისტიკაც გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის დანაყოფებმა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ფერმერთა უსაფრთხოების მიზნით პატრულირება გააძლიერეს, ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოების განცდა მაინც არა აქვს. ზოგიერთი ფერმერი მიწის დამუშავებას საერთოდ ვერ ახერხებს, ნაწილს კი მალულად უწევს საკუთარ ბაღში შესვლა. საოკუპაციო ხაზზე ყველგან არ არის დამონტაჟებული ღობეები და მავთულხლართები, ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერების რაოდენობა კი სულ უფრო იზრდება. თუმცა ბანერების მიხედვით ადგილობრივი მოსახლეობა ვერ არკვევს, საიდან იწყება ოკუპირებული ტერიტორია. ადგილობრივი გლეხები იმასაც ამბობენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქართულ სოფლებში თავისუფლად შემოდიან და მოსახლეობას საკუთარ ნაკვეთებში აკავებენ.

Your browser doesn’t support HTML5

საოკუპაციო ხაზთან ფერმერთა ნაწილი მოსავალს ვერ აიღებს

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ფერმერთა ნაწილი შემოდგომაზე მოსავალს ვერ აიღებს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა, დავით სანაკოევმა, განაცხადა. მისი თქმით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა მიწა გამყოფი ხაზის მიღმა დაამუშავა და ამიტომ ისინი მოსავალს ვერ აიღებენ.

საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების მიმართ მხოლოდ პროტესტით შემოიფარგლება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ოსურ მხარეს მოუწოდებს შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და მათ თავისუფლად გადააგილების საშუალება მისცენ.

ტრადიციულად, გაზაფხულზე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მოქალაქეების დაკავების შემთხვევები იზრდება. ეს დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასთან. გარდა ამისა, მაისში ჯონჯოლის კრეფის სეზონიც დაიწყება და მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული არ იქნება. გასული წლების გამოცდილებით, საოკუპაციო ხაზთან სწორედ ჯონჯოლის კრეფის სეზონზე ხდებოდა ხოლმე ათეულობით მოქალაქის დაკავება.