11 ივლისს „თბილისი მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე „რელიგიის როლი ქალისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციაში“. კონფერენციაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მიიღო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაუშვებელია 18 წლამდე ასაკში ქორწინების ხელშეწყობა. კონფერენცია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, მუსლიმთა სამმართველოს, კავშირ „21-ე საუკუნისა“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობით ჩატარდა.
Your browser doesn’t support HTML5
„მიგვაჩნია, რომ ოჯახის შექმნის ბედნიერება განუყოფლად არის დაკავშირებული დიდ პასუხისმგებლობასთან და ამისათვის უმეტეს შემთხევაში ნაადრევი ქორწინებისას მოზარდები მზად არ არიან.
ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია გოგონათა გენიტალიების დამახინჯების სავალალო ფაქტები. ეს საზიანო პრაქტიკა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნა აღიარებული სახელმწიფოს მიერ 2017 წელს. არავითარი გამართლება არ აქვს ასეთი ქმედების რაიმე ტრადიციით ან ჩვეულებით გამყარებას. რაც შეეხება ისლამურ რელიგიას, მისთვის ასეთი პრაქტიკა უცხო და მიუღებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
Your browser doesn’t support HTML5
კონფერენციის მიზანი იყო ქალებისა და გოგონების ძალადობისგან დასაცავად განხორციელებულ ღონისძიებებში რელიგიური ორგანიზაციებიც ჩართულიყვნენ. განსაკუთრებით ეს ეხებოდა ადრეულ ქორწინებასა და გოგონების გენიტალიების დასახიჩრებას.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ ამ თემებზე სასაუბროდ შარშან კახეთში მოღვაწე ყველა მუსლიმ სასულიერო ლიდერს შეხვდნენ.
„რელიგიურ კონფენსიებს ნამდვილად განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლიათ ქალისა და გოგონას მიმართ ძალადობის და საზიანო პრაქტიკის პრევენციისა თუ აღმოფხვრის კუთხით. მათ ძალიან დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე“.
სახელმწიფოს მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ, ადრეულ ქორწინებაზე ისაუბრა:
„ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობა ხშირად გვიწევს... უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, განსაკუთრებით გოგონები, რომლებიც ბრწყინვალედ სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში, დაოჯახების გამო მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ“.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კვლავ გაგრძელდება მასწავლებელთა ტრენინგები და, იმედია, ეს მალე უკეთეს შედეგს გამოიღებს...თამარ მალაზონია
განათლების სამინისტროს წარმომადგენელი თამარ მალაზონია კი ამბობს, რომ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარეს:
„არაერთხელ ყოფილა მასწავლებელი კრიტიკის ობიექტი და რიგ შემთხვევაში საკმაოდ საფუძვლიანად. საუბარია მის მონაწილეობაზე ადრეული ქორწინების მიმართულებით, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღო, მისდაუნებურად ხელშემწყობიც კი ყოფილა. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კვლავ გაგრძელდება მასწავლებელთა ტრენინგები და, იმედია, ეს მალე უკეთეს შედეგს გამოიღებს“.
კონფერენციაზე მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, ასევე, რომ ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ნებაყოფილობითი კავშირი უნდა იყოს. ამასთან, სრულყოფილი ოჯახის შესაქმნელად აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე მორალური და ფსიქოლოგიური მომწიფება.