ზუგდიდის სოფელში კოლხურ ნამოსახლარს მიაკვლიეს

ზუგდიდის სოფელ დიდინეძში ძველი კოლხური ნამოსახლარი აღმოაჩინეს. მას ოთხწლიანი მუშაობის შედეგად სოხუმის უნივერსიტეტისა და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ექსპედიციამ მიაკვლია. ხის ნაგებობის ნაშთები, წინასწარი კვლევებით, 4000–4500 წლისაა. მკვლევართა აზრით, აღმოჩენილი ძეგლი მთავარი სამოსახლოა და განლაგებული იყო მიწის ამობურცულ ტერიტორიაზე. სწორედ აქედან მოდის მისი მეგრული სახელწოდება „ტაბაკონის დიხაგუძუბა“, რაც ქართულად ბორცვზე მოკიდებულ მიწას ნიშნავს. არქეოლოგების განცხადებით, წინასწარი კვლევებით ირკვევა, რომ მთავარი ბორცვის, ანუ დასახლების, ირგვლივ იყო მცირე ზომის დასახლებები. მკვლევართა ვარაუდით, ჭაობიან ტერიტორიაზე განთავსებულ ნამოსახლარს ირგვლივ არხი ჰქონდა შემოვლებული, რომელიც სხვა მსგავსი ტიპის დასახლებებს უკავშირდებოდა. მათივე განმარტებით, უფრო მოგვიანებით ძველი კოლხები არხებით უფრო შორს, მდინარე რიონზეც კი გადაადგილდებოდნენ ხის ნავების მეშვეობით:

„ხელოვნური ბორცვების აგება ხდებოდა, იმიტომ რომ ეს არის ჭაობიანი რეგიონი. ჯერ მოზვინავდნენ ამ ადგილებს და შემდეგ ფენა-ფენა ხდებოდა მისი ამაღლება ისტორიის მანძილზე. ამგვარ ხელოვნურ ნამოსახლარ ბორცვებს გასდევს ერთი ან ორი არხი. ეს არის აუცილებელი ატრიბუტი, რადგანაც წყლის დრენაჟის როლს თამაშობდა, ამ ადგილებში ადამიანებს მშვიდად რომ შეძლებოდათ ცხოვრება. ანუ ერთ ხეში ამოღებული ნავებით, როგორც ქსენოფონტე წერს, ისინი აქ დაცურავდნენ, იმიტომ რომ ჭაობიანი ადგილი იყო“, აცხადებს ჯონი აფაქიძე, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ნამოსახლარები აღმოჩენილია ოკუპირებულ სოფელ ფიჩორშიც, რომელიც კოლხურ ნამოსახლართან ახლოს მდებარეობს. ჯონი აფაქიძე აცხადებს, რომ ამ ძეგლებს ერთმანეთთან ისტორიულ-კულტურული კავშირი აქვთ:

„ჩვენ ახლა კოლხეთის დაბლობზე ვიმყოფებით, ძალიან ახლოს ანაკლიასთან. პირდაპირი ხაზით 12 კილომეტრში ფიჩორია. აქ სწორედ ამგვარი ძეგლია აღმოჩენილი. ეს არის ერთი კულტურული წრე. რა არის აქ მნიშვნელოვანი? ჩვენ შეგვიძლია თვალი გავადევნოთ განვითარებას, თუ როგორ გადადის ადრე კოლხური პერიოდი კოლხურ პერიოდში“.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ 40-45 საუკუნის წინანდელ დასახლების ნიმუშებს გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიაში შეისწავლიან. პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის განცხადებით, ნიმუშებს სპეციალური მეთოდით გამოიკვლევენ:

„ეს არ იქნება მხოლოდ 1-2 ნიმუში, ჩვეულებრივ რისი შესაძლებლობაც ჰქონდათ ქართველ არქეოლოგებს, არამედ ჩვენ გვექნება მთელი სერიები სხვადასხვა ფენებზე ფიზიკური თარიღებისა და ეს მოგვცემს საშუალებას ამ სამოსახლოს განვითარების კარგი ქრონოლოგიური შკალის შესადგენად. ეს ძალიან მიშვნელოვანია არქეოლოგიაში“.

ვახტანგ ჯაფარიძის თქმით, არქეოლოგებთან ერთად მუშაობაში ჩაერთვებიან ბოტანიკოსები, რათა შეისწავლონ ტერიტორიის მცენარეული საფარი. პროფესორის განმარტებით, ახლა მკვლევართა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მრავალსაუკუნოვანი ხის ნაგებობის ნაშთების უსაფრთხო გადაადგილებაა. მათივე თქმით, მიუხედავად ბორცვის პატარა ზომისა, მასზე კარგადაა ასახული კოლხეთის ბრინჯაოს ხანის ისტორია. არქეოლოგების სიტყვებით, ჯერ შესწავლილია ბორცვის ზედა ფენა და წინ არის მნიშვნელოვანი აღმოჩენები.