„ბლუზის დედოფალი“

კოკო ტეილორი

დღევანდელი სიუჟეტის გმირი გასული საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს მისისიპის ნაპირზე, ტენესის შტატის ქალაქ შელბი ქაუნთში დაიბადა. კორა დაარქვეს, თუმცა, შოკოლადის უზომო სიყვარულის გამო, „კოკოს“ ეძახდნენ. ბავშვობა კი ზუსტად ისეთივე ჰქონდა, როგორიც მის აფროამერიკელ თანატოლებს სამხრეთულ შტატებში: ძმებსა და დებთან ერთად ბამბის პლანტაციებში ქანცის გაწყვეტამდე მუშაობდა. 11 წლის იყო, როცა დედ-მამა გარდაეცვალა, გუდა-ნაბადი აიკრა და ტენესისა თუ მისისიპის გზებზე ხეტიალს მოჰყვა. ლუკმაპურის მოსაპოვებლად გამვლელ-გამომვლელს ბალღური ბლუზებით ართობდა. კორა ვოლტონს მაშინ არც კი უფიქრია, რომ რამდენიმე წლის თავზე მსოფლიო მას კოკო ტეილორის გვარ-სახელით გაიცნობდა და „ბლუზის დედოფლად“ აღიარებდა.

18 წლის კორა ვოლტონი ცოლად სატვირთო მანქანის მძღოლს რობერტ ტეილორს გაჰყვა და ქმრის გვარზე გადავიდა. თავი ძლივს გაჰქონდათ, ამიტომ კეთილდღეობის ძიებაში შტატებს შორის დაეხეტებოდნენ. ბოლოს ბინა ჩიკაგოში დაიდეს, რომელიც უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრად ყალიბდებოდა და ფაბრიკა-ქარხნებშიც სამხრეთიდან მიგრირებულ აფროამერიკელებს ასაქმებდნენ. დღისით კოკომ ქალაქის ჩრდილოეთ, თეთრებით დასახლებულ, ნაწილში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა, ხოლო საღამოობით სამხრეთულ კლუბებში მღეროდა. ერთხელაც მისი მისისიპური სევდით სავსე ბლუზი უილი დიქსონმა მოისმინა. გენიალური კომპოზიტორი და შემსრულებელი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა გახლდათ ხმის ჩამწერი გიგანტის, „Chess Records“-ისა, სადაც მისისიპური ხალხური მუსიკის ურბანიზირების პროცესს დიდი შემოსავალი მოჰქონდა. ყველა სიმღერა მისი არანჟირებით გამოიცემოდა და ე.წ. „talent scout“-იც ბრძანდებოდა. ჰოდა, 1962 წელს, 20 წლის კოკო ტეილორის საშემსრულებლო ოსტატობით აღფრთოვანებულმა, ძმები ჩესების ლეიბლთან გაუფორმა კონტრაქტი და სადებიუტო ალბომიც „Love You Like a Woman“ გამოაცემინა. ცალკე აღნიშვნის ღირსია დიქსონის სიმღერა „Wang Dang Doodle“, რომელიც კოკო ტეილორის შესრულებით მეგაჰიტად იქცა და ახალგაზრდა არტისტს, ფინანსური სიკეთეების გარდა, არნახული აღიარებაც მოუტანა.

კოკო ტეილორის სადებიუტო ალბომის გამოცემას საკონცერტო ტურნეები მოჰყვა: ჯერ ამერიკის შტატები მოიარა, შემდეგ კი ევროპულ სცენებზეც გამოჩნდა, რომელთა შორის ყველაზე ღირებული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე გამოსვლა მონტრეს ჯაზფესტივალზე შედგა. რაც შეეხება სტუდიურ მუშაობას, დიდხანს არ გაგრძელებულა. „Chess Records“-ი 1969 წელს დაიხურა და მუსიკოსმა, რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ, უკვე სხვა ლეიბლთან - „Alligator“-თან - დაიწყო თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ 70-იანი წლები ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო ბლუზური მუსიკისათვის, კოკო ტეილორის ნამოქმედარისადმი ინტერესი არ განელებულა. პირიქით, მისი ალბომები 7-ჯერ იქნა „გრემზე“ ნომინირებული.

მოგეხსენებათ, ბლუზურმა მუსიკამ და ამ ჟანრში მოღვაწე არტისტებმა გასული საუკუნის მანძილზე მრავალი განსაცდელი გამოიარეს. შოუ-ბიზნესმა ბევრი სახელოვანი შემსრულებელი შეიწირა და სამუდამო დავიწყებას მისცა. კოკო ტეილორი კი ერთ-ერთი იმ არტისტთაგანი გახლდათ, რომელსაც ჟამთა სვლამ ვერაფერი დააკლო, მისი სიმღერა 90-იან წლებშიც ომახიანად ჟღერდა და აქტუალურობას არ კარგავდა. 1999 წელს ჩიკაგოს მერმა ბლუზმენი „წლის ლეგენდად“ აღიარა, ხოლო ჟურნალმა „როლინგ სთოუნმა“ მისი თაობის მომღერალ ქალთა შორის საუკეთესო შემსრულებლის სტატუსი უბოძა. „ბლუზის დედოფალი“ 2009 წლის 3 ივნისს 81 წლის ასაკში აღესრულა.

სიუჟეტის ბოლოს კი, 2000 წლის ალბომს „Royal Blue“-ს გავიხსენებ, რომელიც 80 წლის მოხუცმა გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ჩაწერა და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია მუსიკოსის შემოქმედებაში.