ღირსეულ პარტნიორთა პოლიტკორექტული სწავლება

სამხედრო წვრთნა, მით უფრო ფართომასშტაბიანი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ლეგენდა, წარმოსახული მოწინააღმდეგე, მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანითა და იმის გააზრებით, თუ როგორ გააგრძელებენ შემდგომში კოორდინაციას გაწვრთნილი ქვედანაყოფები, არის წმინდა წყლის სამხედრო-პოლიტიკური შოუ და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი „სტრაიკერი“, „აბრამსი“, „ბოქსერი“, „ბრედლი“, „დანა“ თუ „დიდგორი“ მიიღებს მასში მონაწილეობას. სხვა საკითხია, რომ პოლიტიკური ასპექტი სამხედრო წვრთნას ყოველთვის ჰქონდა და ექნება იმ მარტივი ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, რომ თავად ომი − სამხედრო ხელოვნების კვინტესენცია − წარმოადგენს, როგორც კლაუზევიცი ამბობდა, პოლიტიკის გაგრძელებას განსხვავებული მეთოდებით. ამგვარად, თუ სამხედრო წვრთნის კონვენციური განმარტებიდან გამოვალთ, საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი - 2017“ იმთავითვე იყო ჩაფიქრებული, როგორც მორიგი დემონსტრირება იმ ამბივალენტური პოლიტიკის გაგრძელებისა, რომელსაც თბილისი და მისი დასავლელი მოკავშირეები დაადგნენ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

უპირველეს ყოვლისა, ესაა საქართველოს მიერ ნაკისრი ცალმხრივი ვალდებულება, აღარასოდეს გამოიყენოს სამხედრო ძალა შიდა კონფლიქტების გადასაჭრელად. ამ ამოცანის შესრულება კი შესაბამისად აისახება სამხედრო ძალების ორგანიზაციაზე, წვრთნების ხასიათსა და ჯარისკაცების მოტივაციაზე. ესაა ვითარება, როდესაც ქართველი ჯარისკაცი ხალისით მიდის და, კოალიციის სხვა წევრების მხარდამხარ, თავდადებულად იბრძვის ავღანეთში, მაგრამ ქვეყნის შიგნით იძულებულია, მოთმინებით უყუროს, როგორ გადმოაქვთ საქართველოს სიღრმეში უკანონო საზღვარი ოს სეპარატისტებსა და რუს ჯარისკაცებს. ესაა ოკუპაციასთან შეურიგებლობა, მაგრამ მხოლოდ სტრატეგიულ მოთმინებასა და საერთაშორისო საზოგადოებაზე აპელირებით, რაც საფუძველშივე გამორიცხავს ნებისმიერ საპასუხო ძალისმიერ ქმედებას.

ეს ყბადაღებული „სტრატეგიული მოთმინება“ და ძალის ტოტალური გამოუყენებლობა, ცხადია, წითელ ხაზად გასდევს ზემოხსენებულ საერთაშორისო სამხედრო წვრთნას, რომელიც, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, „არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“ და „რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას“ ემსახურება.

თანაც, ამ მტკიცებას დამაჯერებლობა რომ შეეძინა, „ღირსეულ პარტნიორ - 2017“-ში მიიწვიეს სომხეთი, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის მთავარი სამხედრო და პოლიტიკური მოკავშირეა.

ასეთ უხერხულ ვითარებაში პოლიტკორექტულობა, ალბათ, ერთადერთი გამოსავალია. „ძლიერი ტემპერამენტი აქვს მას, ვინც უძლიერესი აღელვების დროსაც არ კარგავს წონასწორობას“, − კლაუზევიცის ეს სიტყვები მეორე დევიზად გამოადგებოდა ღირსეულ პარტნიორთა სამხედრო სწავლებას საქართველოში.

თუმცა, როგორი სენტენციებითაც უნდა შეიფუთოს არსებული სინამდვილე, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცება შეუძლებელია იმ ქვეყანასთან კონფრონტაციის გარშე, რომელიც დესტაბილიზაციის მთავარი წყაროა.