აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი და მისი რესპუბლიკელი მეტოქე დონალდ ტრამპი ერთმანეთს 9 ოქტომბერს მწვავე დებატებში დაუპირისპირდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
ქალაქ სენტ ლუისში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა დებატებმა დონალდ ტრამპისთვის მძიმე ფონზე ჩაიარა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ტრამპი ლაპარაკობს ქალების კოცნისა და მათთვის ხელების ფათურის შესახებ იმისდა განურჩევლად, სურთ თუ არა ეს ქალებს. 2005 წელს ჩაწერილი ვიდეო „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა და ამით კრიზისში ჩააგდო რესპუბლიკური პარტია. პარტიის ბევრმა გამოჩენილმა წევრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ ჩანაწერის გამო ხმას ვეღარ მისცემს დონალდ ტრამპს, ზოგმა კი ტრამპს მოუწოდა მოეხსნა თავისი კანდიდატურა და ის გადაეცა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ მაიკლ პენსისათვის. ტრამპმა დებატებისას განაცხადა, რომ მისი ნათქვამი უბრალო „კაცების ლაპარაკი“ იყო და მეტი არაფერი და დასძინა, პრეზიდენტ ბილ კლინტონს, მისი მეტოქის მეუღლეს, „გაცილებით უარესები აქვს გაკეთებულიო“.
დონალდ ტრამპი: „ეს კაცების ლაპარაკი იყო. ამით არ ვამაყობ. მე ის კაცი ვარ, ვინც დიდ პატივს სცემს ადამიანებს, ჩემს ოჯახს და ამ ქვეყნის მცხოვრებლებს. და ნამდვილად არ ვამაყობ ამით. მაგრამ ეს მოხდა. თუ თქვენ ბილ კლინტონს შეხედავთ, გაცილებით უარესს დაინახავთ - რასაც ის ქალებს უკეთებდა... ამ ერის პოლიტიკის ისტორიაში არავინ ყოფილა, ვინც ასე ძალადობდა ქალებზე. რაც გინდათ, როგორც გინდათ, თქვით, მაგრამ ბილ კლინტონი ძალადობდა ქალებზე, ჰილარი კლინტონი კი ამავე ქალებს თავს ესხმოდა და ამას სასტიკად აკეთებდა“.
ჰილარი კლინტონმა კი თქვა, რომ ეს ვიდეო კიდევ ერთი მაგალითი იყო იმისა, რომ დონალდ ტრამპი არ არის მზად პრეზიდენტობისთვის და ის უღირსია თეთრი სახლის დასაკავებლად.
დებატები მწვავედ გაგრძელდა. დონალდ ტრამპმა დიდი ყურადღება დაუთმო ჰილარი კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას სახლში ელექტრონული ფოსტის სერვერის დაყენებას და დაიქადნა, პრეზიდენტი რომ გავხდები, ამ საქმეს გამოვიძიებ და ციხეში ჩაგსვამო.
დებატებზე ხშირად ახსენებდნენ რუსეთსაც. კლინტონმა ბრალი დასდო ტრამპს, რომ რუსეთი მის სასარგებლოდ ცდილობდა არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას, რაც, მისი თქმით, ამერიკის ისტორიაში არასოდეს მომხდარა - რომ უცხო ქვეყანა ამერიკის არჩევნებში ჩარეულიყო. ჰილარი კლინტონმა ისიც თქვა, თუ როგორ ხედავდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხს მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.
ჰილარი კლინტონი: „მე წინ აღვუდექი რუსეთს. მე დავუპირისპირდი პუტინს და სხვებს. და ამას პრეზიდენტის რანგშიც გავაკეთებ. მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია, თუ რომელიმე სფეროში შესაძლებელია რუსეთთან თანამშრომლობა. ეს გამიკეთებია კიდეც სახელმწიფო მდივნის რანგში. ასე მივიღეთ შეთანხმება ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ. ასე მივიღეთ ირანის წინააღმდეგ სანქციები, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამა შეაჩერა ერთი ტყვიის გასროლის გარეშე. მე მოლაპარაკების მაგიდას მივუჯდებოდი მეტი ბერკეტებით, ვიდრე ახლა გვაქვს. მაგრამ მე მხარს ვუჭერ მცდელობას, რომ გამოვიძიოთ დანაშაულები - ომის დანაშაულები, რომლებიც სირიელებმა და რუსებმა ჩაიდინეს და ისინი პასუხისგებაში მივცეთ.
ტრამპმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ეს ცარიელი ბრალდებებია, რომ არავინ იცის, ვინ იდგა რეალურად ჰაკერული თავდასხმების უკან და რომ მას პირადად ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი.