ანექსირებული ყირიმის პროკურორმა ნატალია პოკლონსკაიამ განაცხადა, რომ დაბლოკილ იქნა ვებსაიტი „კრიმ რეალიი“, რომელიც რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის უკრაინული სამსახურის პროექტს წარმოადგენს.
როგორც პროკურორმა განუცხადა ტასის საინფორმაციო სააგენტოს, „ყირიმის პროკურატურის მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე, როსკომნადზორი ატარებს პროცედურებს ამ პროექტზე წვდომის დასაბლოკად.“ „კრიმ.რეალიის“ საიტზე წვდომის შეზღუდვა, შემდგომ კი მისი სრული დაბლოკვა იმ კანონის საფუძველზე მოხდა, რაც ინფორმაციის თავისუფლების დაცვის მიზნით, ზღუდავს ისეთ საიტებზე წვდომას, რომლებზეც ქვეყნდება „მასობრივი არეულობისა და ექსტრემისტული საქმიანობისაკენ მოწოდებების შემცველი ცნობები“. რადიო თავისუფლება/ რადიო თავისუფალი ევროპის მთავარმა რედაქტორმა ნენად პეიჩმა ყირიმის პროკურატურის ქმედებას უწოდა, „აგრესიული აქტი, რომელიც აღმაშფოთებლად იყენებს ექსტრემიზმის სარჩულს რადიო თავისუფლებაზე ცენზურის დასაწესებლად, რათა რუსეთისა და ყირიმის მოსახლეობამ არ შეიტყოს სიმართლე ყირიმის ანექსიის თაობაზე“. რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯს გმობს და მას აფასებს, ერთი მხრივ, ორგანიზაციის მუშაობის ხელის შეშლად, ხოლო მეორე მხრივ, ინფორმაციის თავისუფლად მიღების ფუნდამენტურ უფლებაზე თავდასხმის მცდელობად.