ყირიმელი თათრები ანექსიიდან ერთი წლის შემდეგ

ავტორი: დეიზი სინდელარი

ყირიმის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობა, ყირიმელი თათრები, ამ ერთი წლის წინ თითქმის ერთხმად ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის მიერ რეგიონის ანექსიას. დღეს ისინი საკუთარი უფლებების, უსაფრთხოებისა და ტრადიციების შეზღუდვას უჩივიან.

ყირიმელი თათარი აქტივისტი აბდურეშიტ ჯეფაროვი ყირიმის ქალაქ ბელოგორსკში ცხოვრობს - დედაქალაქ სიმფეროპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 40-მდე კილომეტრში. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის ოთხჯერ შეხვდა ყირიმის დე ფაქტო მმართველებს იმედით, რომ რამეს შეიტყობდა თავისი ვაჟიშვილისა და დისშვილის ბედზე, მაგრამ დღემდე არ იცის, სად ან როგორ არიან 19 წლის ისლამ ჯეპაროვი და 23 წლის ჯევდეთ ისლამოვი, რომლებიც გასულ წელს დაიკარგნენ.

„მალე ნახევარი წელიწადი შესრულდება, რაც ჩემი ვაჟიშვილი და ძმისშვილი არ არიან. აი, 30 მაისს შესრულდება ნახევარი წელი, რაც აღარ არიან - ჩვენთან აღარ არიან, თორემ იმედი მაქვს, რომ ცოცხლები არიან! სეირან ზინედინოვი და ტიმურ შაიმარდანოვიც დაიკარგნენ. 26 მაისს ერთი წელი შესრულდება. გასაგებია: განვლილი წელი იყო რუსეთის ფედერაციაში ჩვენი ყოფნის წელი“, - ამბობს ჯეპაროვი.

სეირან ზინედინოვი და ტიმურ შაიმარდანოვი, რომლებიც ჯეპაროვმა ახსენა, მეგობრები არიან და შარშან აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საწინააღმდეგო აქციებში.

მთლიანობაში, განვლილი წლის განმავლობაში, სულ ცოტა, 18 ყირიმელი თათარი დაიკარგა. მათ შორის იყო 39 წლის რეშატ ამეტოვი, რომლის დასახიჩრებული გვამი შარშან მარტში იპოვეს, გაუჩინარებიდან ორი კვირის შემდეგ. მისი მკვლელობის გამო დღემდე არავინ დაუკავებიათ, არავინ დაუკავებიათ არც დანარჩენი თათრების გაუჩინარებასთან დაკავშირებით.

ყირიმელმა თათრებმა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში, საიდანაც ისინი კრემლის გადაწყვეტილებით გადაასახლეს მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს. მაგრამ ყირიმის მიწაზე დაბრუნებულები ქონების, მიწის გარეშე აღმოჩნდნენ. უმრავლესობაში ახლა უკვე ეთნიკური რუსები იყვნენ. მას შემდეგაც, რაც ყირიმი უკრაინის შემადგენელი ნაწილი გახდა, თათრებისთვის იოლი ამოცანა არ იყო საკუთარი უფლებების დაცვა და გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენა. ახლა კი, კვლავ მოსკოვის კონტროლქვეშ, თათრები, რომლებიც ყირიმის მოსახლეობის სულ 13%-ს შეადგენენ, თავიანთი მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესებას უჩივიან.

„სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს რაღაცნაირი, გაუგებარი დამოკიდებულება გაუჩნდათ ჩვენი შვილების, ჩვენი ენის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ენა მეორე სახელწიფო ენად ითვლება, არის ხოლმე მუქარა, არის შემთხვევები საწარმოებში, როცა ადამიანს აიძულებენ, თუ განცხადება თათრულად ან უკრაინულად დაწერა, ის თავიდან დაწეროს. ეს, რასაკვირველია, უსიამოვნოა! არის შემთხვევები, როცა უკმაყოფილებას გამოთქვამენ მუსიკის, კულტურის გამო“, ამბობს გულნარა მემეტოვა, ყირიმელი აქტივისტი, რეგიონში რუსეთის ინტერვენციისა და ანექსიის საწინააღმდეგო ერთ-ერთი მასშტაბური აქციის ორგანიზატორი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტებთან საუბარში უკმაყოფილებას არ მალავს არც რიზა ფაზილი, ყირიმელ თათარ მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე:

„სიხარულის მიზეზი არა გვაქვს. თათრულ ენაზე გასულ წელს მხოლოდ ორი წიგნის გამოქვეყნება დაფინანსდა. რაიმე გაუმჯობესების მომსწრე არ გავმხდარვართ. ჩვენ უკვე გამოვედით წინადადებით, რომ წელს ექვსი წიგნი გამოქვეყნდეს, მაგრამ გვითხრეს, რომ ფული არ არის“.

ბოლო ერთი წელი, რაც ყირიმს პრორუსული დე ფაქტო ხელმძღვანელობა ჰყავს, შეიზღუდა თათრული მედია. პოლიცია შეიჭრა ტელეარხ ATR-ის ოფისში, ლიცენზიის განახლებაზე უარი უთხრეს პოპულარულ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს.

იუწყებიან ასევე, რომ უმეტესწილად იკრძალება კულტურული ღონისძიებები, დაიხურა რამდენიმე უფლებადამცველი ჯგუფი. ყირიმელი თათრების უმაღლეს მმართველ ორგანოს, მეჯლისს, უფლებამოსილებები ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც მან მოქალაქეებს მოუწოდა ბოიკოტი გამოეცხადებინათ ანექსიის შესახებ რეფერენდუმისათვის და უარი ეთქვათ რუსეთის მმართველობის აღიარებაზე.

მეჯლისის რამდენიმე ცნობილ წევრს, მათ შორის საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარს, მუსტაფა ჯემილევს, ხუთი წლით აეკრძალა ყირიმში ჩასვლა, მაგრამ სამშობლოში რჩება ჯემილევის მეუღლე, საფინარი, რომელიც, ისევე როგორც დანარჩენი ყირიმელი თათრების უმრავლესობა, არ აპირებს მიატოვოს მიწა, სადაც მათი წინაპრები ათას წელიწადზე მეტი ხნის წინ დასახლდნენ.

„ნახევარკუნძულზე შეკრიბეს კოლოსალური რაოდენობის სამხედროები, კოლოსალური რაოდენობის სამხედრო ტექნიკა. ამ ყველაფრის გვერდით, ყირიმის მოსახლეობა შეუძლებელია რაიმე პოზიტიურს მოელოდეს, მაგრამ თავისთავად ყირიმელი თათრების ყოფნა ამ ნახევარკუნძულზე - ეს არის გამოწვევა ამ ხელისუფლებისათვის. ჩვენ ვიმყოფებით ჩვენს მიწაზე და ჩვენი აქ ყოფნა უკვე გმირობაა“, - ასე ფიქრობს საფინარ ჯემილევა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან ერთი წლის შემდეგ.