კიევში მოკლეს ცნობილი ჟურნალისტი

მანქანა, რომლითაც პაველ შერემეტი მგზავრობდა

კიევში დაიღუპა ცნობილი ჟურნალისტი, არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, პაველ შერემეტი. ავტომანქანა, რომლითაც 44 წლის ჟურნალისტი მგზავრობდა, კიევის ცენტრში აფეთქდა. უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო „მკვლელობაზე“ ლაპარაკობს, რადგან აფეთქება ავტომანქანაზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობით მოეწყო. შერემეტის არაერთი კოლეგის აზრით, ჟურნალისტის ტრაგიკული სიკვდილი მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პაველ შერემეტს ბევრჯერ გაუკრიტიკებია მშობლიური ბელორუსიის, ისევე როგორც რუსეთისა და უკრაინის, პოლიტიკური ლიდერები. ის სიტყვის თავისუფლების ერთგულ, სიმართლის მთქმელ ჟურნალისტად იყო აღიარებული. 1998 წელს მიენიჭა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ჯილდო, 2002 წელს - ეუთოს პრემია „ჟურნალისტიკისა და დემოკრატიისათვის“.

Your browser doesn’t support HTML5

კიევში მოკლეს ცნობილი ჟურნალისტი

ამ ადამიანის სიცოცხლე 20 ივლისის დილას შეწყდა, მანქანის აფეთქების შედეგად. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს აფეთქებას უწოდა „ტერორისტული აქტი“, რომელშიც, შესაძლოა, რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელი ერიოს...

შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფეთქება გამოიწვია თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ 400-600 გრამამდე ტროტილის ეკვივალენტური ძალით. ჩვეულებრივ, ამ ძალის აფეთქება შანსს არ უტოვებს ამ ზომის ავტომანქანას...
ზორიან შკირიაკი

ჩვენი რადიოს უკრაინულმა სამსახურმა კიევში აფეთქების თვითმხილველ ალექსის სთხოვა მომხდარი აღეწერა.

„მისი ავტომანქანა გზაჯვარედინზე რომ გაჩერდა, მაშინ აფეთქდა. იმის გამო, რომ იქვე, გვერდით, ვიყავი, მანქანას მივუახლოვდი და დავინახე, რომ შიგნით მყოფი ადამიანი ცოცხალი აღარ იყო. ხალხი მძღოლის კარის გაღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ აღებდა. უკანა კარი გააღეს და მამაკაცის გამოყვანა სცადეს, მაგრამ ფეხები მოწყვეტილი ჰქონდა თუ კანითღა ეკიდა. ბოლოს რაღაცნაირად გამოვიყვანეთ. სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა და მაშინვე წაიყვანა. ძალიან მალე მოვიდა, სულ რაღაც ხუთ წუთში“, - აი, ეს მძიმე სცენა აღუწერა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს თვითმხილველმა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“, სადაც პაველ შერემეტი ბოლო წლებში მუშაობდა, იუწყება, რომ მანქანა ეკუთვნოდა გამოცემის ხელმძღვანელს, შერემეტის მეგობარ ქალს, ელენა პრიტულას, რომელიც აფეთქების მომენტში მანქანაში არ იჯდა. როგორც აფეთქების ადგილზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში თქვა „უკრაინსკა პრავდის“ ვებსაიტის მთავარმა რედაქტორმა სევგილ მუსაევა-ბოროვიკმა, კოლეგები ვარაუდობენ, რომ შერემეტის დაღუპვა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. მოგვიანებით უკრაინის პოლიციის უფროსმა, ხატია დეკანოიძემ, თქვა, რომ გამოძიება განიხილავს „ყველა ვერსიას“, მათ შორის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული თავდასხმის ვერსიასაც: „ვიცით, რომ შერემეტი შინიდან მანქანით მიდიოდა. აფეთქება მოხდა დილის 7:45 საათზე. ვაწარმოებთ ყველა მოწმის, ოჯახის წევრების, კოლეგების დაკითხვას“. დეკანოიძემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა ასევე, რომ, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, შერემეტის მეგობარ ქალს საგანგებო დაცვა მიუჩინეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აფეთქება გამოიწვია მანქანაზე ქვემოდან დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ და ის, შესაძლოა, მოეხდინათ დისტანციური მართვის ან შენელებული მოქმედების დეტონატორით.

„ეს არის სასტიკი ბოროტმოქმედება. წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფეთქება გამოიწვია თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ 400-600 გრამამდე ტროტილის ეკვივალენტური ძალით. ჩვეულებრივ, ამ ძალის აფეთქება შანსს არ უტოვებს ამ ზომის ავტომანქანას“, - განაცხადა უკრაინის ტელეკომპანია „მეხუთე არხთან“ საუბრისას ზორიან შკირიაკმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოთქვა ვარაუდი, რომ შერემეტის მკვლელობაში, შესაძლოა, რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელი ერიოს.

პაველ შერემეტი

პაველ შერემეტმა ჟურნალისტის კარიერა ბელორუსიის ტელევიზიაში დაიწყო. 1998-დან 2008 წლამდე მუშაობდა რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის სპეციალურ კორესპონდენტად. მას გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შერემეტი კიევში ცხოვრობდა და მუშაობდა „უკრაინსკა პრავდასა“ და რადიოსადგურ „ვესტიში“.

ბოლოს შემოგთავაზებთ მცირე ნაწყვეტს პაველ შერემეტთან ინტერვიუდან, რომელიც წელს 1 მარტს გავიდა ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის ეთერში: „ვითარება რთულია, კი. ხალხი უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობით. ამასთან, ხალხი უკმაყოფილოა იმით, რომ რეფორმები საკმარისად აქტიურად არ ტარდება“.